დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რა არის ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დარღვევების მიზეზი
დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რა არის ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დარღვევების მიზეზი

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მოსაზრებები უნდა გაითვალისწინოს, რადგან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ვიზალიბერალიზაცია სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის განცხადებას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რა არის ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დარღვევების მიზეზი.

„საქართველოდან ადამიანები გაჭირვებას, უმუშევრობას, გაძვირებულ ცხოვრებასა და სიღარიბეს მიჰყავს, რაც არის ხელისუფლების მოქმედების, გაჩერებული ეკონომიკისა და უკან წასული ქვეყნის შედეგი. პრობლემას ვერ გამოსწორდება, თუ ხელისუფლების პრობლემას ხალხზე გადავტეხავთ და გამოსავლად მივიჩნევთ, მოქალაქეების მიმართ მეტი სადამსჯელო ღონისძიების შემოღებას. სადამსჯელო ღონისძიებებით ვერ შევაჩერებთ იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ხვალინდელი დღის პერსპექტივის განცდა და ევროპაში მიდიან. გამოსავალი საქართველოს განვითარებაა. ქვეყანა რაც უფრო წინ წავა, მით ნაკლები დატოვებს გაჭირვების გამო საკუთარ ოჯახს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შს მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არ უსაუბრია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა სავარაუდოდ არსებობს.