დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქმით დაკავდეს და საკუთარი ფუნქციები სამომავლოდ უკეთ შეასრულოს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქმით დაკავდეს და საკუთარი ფუნქციები სამომავლოდ უკეთ შეასრულოს.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ამოცანა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა არასდროს ყოფილა.
„უფრო მეტიც, ამ წლების განმავლობაში, „ევროპული საქართველო“ ის პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ უსამართლო შეტევებისგან ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს, მაგრამ ყველა ადამიანს უნდა გვესმოდეს, მათ შორის პრეზიდენტს, რომ პასუხისმგებლობა გაგვაჩნია და როცა ასეთი შემზარავი დანაშაული ხდება, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარო და საკუთარ თავზე ის ტვირთი აიღო, რასაც საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე ჰქვია. ისტერიული და აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა არასერიოზულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოვუწოდებ, საკუთარი საქმით დაკავდეს და სამომავლოდ ის ფუნქციები უკეთ შეასრულოს, რომლის შედეგიც ყველამ ვნახეთ და რომელმაც უმძიმეს ტრაგიკულ შეცდომამდე მიგვიყვანა.
ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოქალაქეები მზარდი კრიმინალისგან როგორ დავიცვათ. თავიდან ბოლომდე ბრალი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის დაწყებული ამნისტიიდან, დასრულებული დღევანდელი ნაბიჯებით”, – დასძინა ბაქრაძემ.