დავით ბაქრაძე - პარლამენტის დატოვებისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა არ გამოვრიცხავ
დავით ბაქრაძე - პარლამენტის დატოვებისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა არ გამოვრიცხავ

დღევანდელი გადაწყვეტილებით 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეიყვანა ქვეყანა უაღრესად საშიშ ბეწვის ხიდზე, საიდანაც ყველა ერთად შეიძლება უფსკრულში გადავიჩეხოთ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, ისედაც პოლარიზაციის და ძალადობის ჭაობში მყოფი ქვეყანა დადგა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი, უმწვავესი საფრთხის წინაშე.

„მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 19 აპრილის შეთანხმებამ შექმნა შესაძლებლობა, დასრულებულიყო კრიზისი, ქვეყანა გამოსულიყო უმწვავესი დაპირისპირების ფაზიდან, ამუშავებულიყო პარლამენტი და ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებული რეფორმებისა და ნაბიჯების გზით წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობა ოფიციალურად დაასრულა – ისედაც პოლარიზაციის და ძალადობის ჭაობში მყოფი ქვეყანა დადგა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი, უმწვავესი საფრთხის წინაშე“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

ამასთან, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, არანაკლებ საგანგაშოა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ურთიერთობა ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან.

„ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას და გარდაუვლად მიაქანებს საქართველოს რუსეთისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველი სცენარია. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარესაც მარტო დარჩენილი მმართველი გუნდი და რუსული მომავლის საფრთხეა, ხოლო მეორე მხარეს ერთად უნდა ვიდგეთ ქართული საზოგადოება, ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თითოეული ჩვენგანის ვალია, არ დავუშვათ ჩვენს მეგობრებთან დაპირისპირების და დასავლური კურსიდან გადახვევის შესაძლებლობა“, – აცხადებს ბაქრაძე.

მისივე თქმით, შექმნილ უმწვავეს ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან მოქმედება გაასმაგებული პასუხისმგებლობით და გონიერებით.

აქვე ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პარლამენტის დატოვებისა და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებისგან დროებით თავს იკავებს, თუმცა არ გამორიცხავს არც ერთს.

„ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება, მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს. ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, აუცილებელია ოპოზიციური ერთიანობა; აუცილებელია სრული თანხმობა ევროპელებთან და ამერიკელებთან, რათა მათ დაინახონ, რომ არასანდო და არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ჰყავს სანდო და პროდასავლური ოპოზიცია. ამიტომ, უმოკლეს ვადებში მექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობებ საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს.

„დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.