დავით ბაქრაძე – ოპოზიციასაც და ელჩებსაც გვაწუხებს, როგორ დავშორდეთ დაპირისპირების უფსკრულს, იმედი მაქვს, პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის მოთოკვას

19:35, 23.02.2021

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყანა მიიყვანა დაპირისპირების, უფსკრულის პირას და შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო აღარ იქნება დასავლეთის პარტნიორი.

მისივე შეფასებით, საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალსაც. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ ყველაფრის თავიდან აცილება, დეესკალაცია და პროცესის პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანა მათი მთავარი ამოცანაა.

დავით ბაქრაძის განმარტებით, სწორედ ამის გამო იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე.

„ჩვენ ყველას – ოპოზიციასაც და ელჩებსაც გვაწუხებს საერთო პრობლემა, როგორ დავშორდეთ დაპირისპირების იმ უფსკრულს, რომლის წინაშეც ყველა დაგვაყენა „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მოვიცქეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს საფრთხე არ შეექმნას დღევანდელი ხელისუფლების სკამების ჩაბღაუჭების და სახელისუფლო ამბიციების გამო. ამიტომ ვართ მოსული, ეს გვაწუხებს. მოსული ვართ იმიტომ, რომ მოვძებნოთ გამოსავალი იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ყველა ერთად შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც ააშორებს ქვეყანას დაპირისპირებას, ააშორებს ჩვენი დასავლური მომავლის დაკარგვას და უზრუნველყოფს, რომ საქართველო კვლავ დარჩეს აშშ-ის და ევროკავშირისთვის ღირებულ პარტნიორად, რასაც დიდ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები. იმედი მაქვს, პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის, მათი სახელისუფლო, მანიაკალური ამბიციების მოთოკვას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე მივიდნენ ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, ხატია დეკანოიძე, სერგო ჩიხლაძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები. ამასთან, შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

მსგავსი