დავით ბაქრაძე - „ევროპულ საქართველოს“ ვერავინ ვერაფერს აიძულებს, ჩვენ ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი ვართ
დავით ბაქრაძე - „ევროპულ საქართველოს“ ვერავინ ვერაფერს აიძულებს, ჩვენ ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი ვართ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და  შეთანხმება.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგია.

ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ სწორედ ამიტომ გამორიცხავს შეთანხმებას „ქართულ ოცნებასთან“ და არ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს.

„საუბარი, რომ ვინმეს ვინმესთვის მხარდაჭერა მოუწევს, ნიშნავს იმას, რომ „ნაცინალურ მოძრაობაში“ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და კოალიციური შეთანხმება. არავის არაფერი არ მოუწევს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს ხმების საკმარის უმრავლესობას, მათ შეეძლებათ, ვინც უნდათ ის დაასახელონ პრემიერობის კანდდატად. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა, რათა იყოს ერთიანი ოპოზიციური პრემიერი, არავის არაფერი არ მოუწვს, ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი.

ამ მმართველობამ ქვეყანა ძალიან ღრმა კრიზისში შეიყვანა. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მომავალშიც ქვეყანაში კიდევ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა, ნიშნავს იგივე კრიზისის გაგრძელებას. ამ მიზეზით ჩვენ გამოვრიცხავთ შეთანხმებას „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან, ამავე მიზეზით არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს. ასე რომ, ვერავინ ვერაფერს „ევროპულ საქართველოს“ ვერ აიძულებს. კოალიციური მთავრობა ნიშნავს შეთანხმებას, ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთის აზრისთვის ანგარიშის გაწევას. ჩვენს აზრს და პოზიციას ჩვენ თავიდანვე ვაცხადებთ. ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, სისტემა, სადაც ერთი პარტია დომინირებს და აიძულებს სხვებს, რომ რაღაცაზე დაეთანხმოს, უნდა დასრულდეს.

სწორედ ამას ჰქვია გარდამტეხი ცვლილებები ამ არჩევნებზე, ამისთვის ვიბრძვით ამ არჩევნებზე და თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა ერთპარტიული მართვა, პირიიქით უნდა დაბალანსებული, გაწონასწორებული მთავრობა, სადაც არავინ არავის არაფერს აიძულებს, არამედ ანგარიშს უწევს ყველა ერთმანეთს და საზოგადოების აზრს, ყველა ასეთ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ხმა მისცეს „ევროპულ საქართველოს“, როგორც გზამკვლევს ასეთი ტიპის ფუნდამენტური ცვლილებებისა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.