დავით ბაქრაძე - მზად უნდა ვიყოთ, გავაგრძელოთ მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან, მათ შორის, უკანონო ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
დავით ბაქრაძე - მზად უნდა ვიყოთ, გავაგრძელოთ მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან, მათ შორის, უკანონო ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

მზად უნდა ვიყოთ, გავაგრძელოთ მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან, მათ შორის, უკანონო ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა გადავდგათ ნაბიჯები ქვეყნის სამომავლო გამთლიანებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუშაობა საჭიროა, რადგან საოკუპაციო ხაზის იქით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა გაიგონ, რომ საქართველო არ არის მათი მტერი.

„მკაფიოდ უნდა გავყოთ ორი მომენტი. პირველი, ჩვენ არასდროს ვაღიარებთ შედეგებს იმ არჩევნებისა, რომელიც ეყრდნობა ეთნიკურ წმენდას, რომელიც ეყრდნობა ათასობით მოკლულ ადამიანს, ასი ათასობით ქვეყნიდან, საკუთარი სახლიდან გამოძევებულ ოჯახებს და ადამიანებს, ვინც იძულებული გახდა, მიეტოვებინა არამხოლოდ საკუთარი ოჯახი, არამედ საერთოდ ქვეყანა. ამას ჩვენ არასდროს შევეგუებით და არ ვაღიარებთ როგორც ლეგიტიმურ არჩევნებს. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ ადგილზე, დე ფაქტო ვიმუშაოთ ნებისმიერ წარმომადგენელთან დე ფაქტო ხელისუფლების, რათა გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები და აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზის იქით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ და გაიგონ, საქართველო არ არის მათი მტერი და მათი მომავალი გადის სწორედ ქართულ, ერთიან სახელმწიფოზე.

ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, რადგან ეთნიკური წმენდის, სისხლის და ძალადობის ფონზე ვერავინ იქნება კანონიერად არჩეული, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გავაგრძელოთ მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან, მათ შორის, მათ უკანონო ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ დაახლოვდეს პოზიციები და იმ მიზნით, რომ გადავდგათ ნაბიჯები ქვეყნის სამომავლო გამთლიანებისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.