დავით ბაქრაძე - კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებზეც შეხვედრებზე იყო საუბარი, უახლოეს ერთ თვეში საპატიმრო უნდა დატოვონ
დავით ბაქრაძე - კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებზეც შეხვედრებზე იყო საუბარი, უახლოეს ერთ თვეში საპატიმრო უნდა დატოვონ

„ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებთან დაკავშირებითაც დიპლომატების მონაწილეობით მმართველ პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრაზე იყო საუბარი, უახლოესი ერთი თვის ვადაში საპატიმრო უნდა დატოვონ.

ბაქრაძე განმარტავს, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან, რაც ეხება საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზებას/პატიმრების გათავისუფლებას.

„ახლო მომავალში, უახლოესი ერთი თვის ვადაში კონკრეტულმა ადამიანებმა, ვიზეც იყო საუბარი ამ შეხვედრებზე, უნდა დატოვონ საპატიმრო. უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი და ის, რომ ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს, ძალიან კარგად ასახავს შეთანხმების არსს. შეთანხმების ერთი ნაწილი არის საარჩევნო რიცხვები და სისტემა, მეორე ნაწილი არის პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზება და პატიმრების გათავისუფლება“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, შეთანხმების რომელიმე ნაწილის შეუსრულებლობა, მთლიანად შეთანხმებაზე უარის თქმას ნიშნავს.

„რომელიმე ნაწილის არ შესრულება ნიშნავს მთლიანად შეთანხმების არ შესრულებას. უგულავაზე – ეს უკვე ტექნიკური საკითხია, რომელიც მოგვარებადია. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ოჯახის წევრი ან ადვოკატი მიმართავს პრეზიდენტს, როდესაც ასეთი რეზონანსული და პოლიტიკური საქმეა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიების მიმართვა. იმ განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელს აწერს, ნახსენებია პრეზიდენტი და მისი კონსტიტუციური უფლებები. ეს გაკეთებულია სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და განმუხტოს კრიზისი უგულავას შეწყალების გზით“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გუშინ, 8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.