დავით ბაქრაძე - ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, როგორ არ მივიდეთ უფსკრულთან, რომლის იქითაც დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება
დავით ბაქრაძე - ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, როგორ არ მივიდეთ უფსკრულთან, რომლის იქითაც დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება

თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფო არის ძლიერი პოლიცია, სახელმწიფო არ არის ძლიერი პოლიცია, სახელწმიფო, პირველ რიგში, არის გონიერი და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელსაც ესმის როდის და სად გამოიყენოს პოლიციის ძალა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღეს ქართულმა ხელისუფლებამ გამოიყენა ქართული პოლიციის ძალა, რათა დაეზიანებინა სახელმწიფო ინტერესი.

„როდესაც ამერიკის საელჩო ამბობს, რომ დღეს საქართველო დაშორდა ნატო-ს, ეს არის პირდაპირი დაზიანება საქართველოს ინტერესის. პოლიცია კი არ არის სახელმწიფო, გონიერი ხელისუფლება უნდა გყავდეს, რომელიც ამ პოლიციით სახელმწიფოს არ დაგიზიანებს. როცა ამერიკის საელჩოს, შენ მთავარ მოკავშირეს ათქმევინებენ, რომ დღეს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხიე, ეს სახელმწიფოს სიძლიერე კი არ არის, ეს არის მთავრობის უპასუხისმგებლობა და სიბრიყვე. მადლობებს, თავის ქებას და ყელის მოღერებას თავი დაანებონ და იფიქრონ პასუხისმგებლობაზე, იფიქრონ იმაზე, როგორ არ მივიდეთ იმ უფსკრულთან, რომლის იქითაც დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, როგორ ვიფიქროთ ვითარების განმუხტვაზე და კრიზისიდან გამოსვლაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.