დავით ბაქრაძე - ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვთავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას
დავით ბაქრაძე - ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვთავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას

ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვთავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, დღეს ხელისუფლებას არ აქვს პასუხი საზოგადოებაში არსებულ არც ერთ კითხვაზე, ამიტომ ის ირჩევს ძალადობისა და დაპირისპირების გზას.

„მინდა გამოვეხმაურო ძალადობის ფაქტების იმ სპირალას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ ბოლო დღეების განმავლობაში და რომლის პიკიც იყო გუშინ, მარნეულში დატრიალებული მოვლენები. პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ სახელით მინდა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ძალადობის თითოეულ მსხვერპლს, ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ გახდა სისხლიანი და ძალადობრივი ანგარიშსწორების მსხვერპლი. „ევროპული საქართველო“ გმობს ძალადობას და მოითხოვს ხელისუფლებისაგან გამოძიებულ იქნას და დასჯილი იქნას ყველა, მათ შორის ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისზეც არსებობს მაღალი ალბათობით გონივრული ეჭვი, რომ პირადად აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, საარჩევნო გარემოს დაძაბვის და არჩევნების წინ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების გზა, ეს არის გზა, რომელიც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალსა და სტაბილურობას, ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის, წესრიგის, სიმშვიდის და მართლწესრიგის მორღვევამდე. ეს არის გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფიქრობს არჩევნების მოგებას, ვინაიდან ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში“, – განაცხადა ბაქრაძემ.