დავით ბაქრაძე გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მოსახლეობას შეხვდა
დავით ბაქრაძე გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მოსახლეობას შეხვდა.

ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ადგილობრივები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სოფელს ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემა აწუხებს. განსაკუთრებით პრობლემატურია სასმელი და სარწყავი წყლის საკითხი.

„ფაქტობრივად, ხალხი უყურადღებობითა და გაჭირვებით უკიდურესობამდეა მიყვანილი. ყოველ ნაბიჯზე ხდება ადამიანების დაჯარიმება. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც პრობლემების შექმნის მაგივრად დაკავებული იქნება პრობლემების მოგვარებით. ხალხს სჭირდება გაკეთებული საქმე, სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება გამოკეტილი კაბინეტში ხალხისგან მოწყვეტილად, არამედ იქნება ხალხის ნაწილი და იმუშავებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. საპრეზიდენტო არჩევნები არის იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ინსტიტუტი, გაჩნდეს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იზრუნებს ხალხზე და დაეხმარება მათ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.