დავით ბაქრაძე - გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს შევიწყალებ
დავით ბაქრაძე - გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს შევიწყალებ

შეკითხვაზე, შევიწყალებ თუ არა ვანო მერაბიშვილს, უყოყმანოდ გიპასუხებთ, რომ კი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, საერთოდ, კითხვის ნიშანიც არ არის, რადგან არის სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ამ განცხადებით დავით ბაქრაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გამარჯვების შემთხვევაში, გამოიყენებს თუ არა ის პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას და შეიწყალებს თუ არა ყოფილ მაღალჩინოსნებს, მაგალითად, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი მიდგომა ისაა, რომ ქვეყანაში არეულობასა და შიშს წერტილი უნდა დაესვას, რასაც ორი კომპონენტი აქვს.

„პირველი – ეს არის წარსულის მძიმე მემკვიდრეობის დახურვა და აქ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, შეწყალების უფლება გამოიყენოს, რათა ქვეყანაში წარსულს ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, უნდა იყოს გარანტორი, რომ პოლიტიკური შეხედულების, ან თანამდებობის გამო, მომავალში არავის დაჭერა-დაპატიმრება აღარ მოხდება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეეხება თუ არა შეწყალება ბაჩო ახალაიას, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მან ყველას შესახებ უპასუხა.

ბაქრაძის თქმით, წარსულის დახურვა და მომავლის გარანტირება არის ის, რაც საზოგადოებას დაამშვიდებს და წინ წაიყვანს.

„ამიტომ, სახელებისგან დამოუკიდებლად, ის, რაც წარსულში იყო, უნდა დაიხუროს. უკვე ექვსი წელი გავიდა, რაც საკმარისი იყო სასჯელისთვისაც და სასჯელის დასამტკიცებლადაც, თუ ვინმეს რამე დამატებითი დანაშაული აქვს ჩადენილი. არ შეიძლება, ყველაფერი უსასრულოდ იწელებოდეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამომავლოდ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ თითოეულმა მომხრემ, აქტივისტმა და თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ მათ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან, არავინ შეეხება. ჩვენს საზოგადოებას ეს დააწყნარებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დატოვე კომენტარი