დავით ბაქრაძე - დიალოგისთვის ხელისუფლების მხრიდან არავითარი მზადყოფნის ნიშანი არ არსებობს
დავით ბაქრაძე - დიალოგისთვის ხელისუფლების მხრიდან არავითარი მზადყოფნის ნიშანი არ არსებობს

არანაირი მზადყოფნის ნიშანი არ არსებობს იმ პირობებში, როდესაც ხდება ათასობით პოლიციელის მიერ ოპოზიციურ ოფისში შემოვარდნა, როდესაც ხდება ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ძალით დაპატიმრება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პირობებში დიალოგზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან ტყუილია, რაც დასავლელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„იმ პირობებში, როცა გუშინაც ბრიფინგზე დაგვიანონსეს მომავალში დასაჭერი ლიდერების სია და პირდაპირ წაიკითხეს კიდევ ვინ უნდა დაიჭიროს „ქართულმა ოცნებამ“, იმ პირობებში როდესაც ორი დღეა, თავად პრემიერის და მისი გუნდის მიერ ოპოზიციის მოხსენიება ხდება როგორც ტერორისტების, სახელმწიფო მტრების და კრიმინალების, ასეთ ვითარებაში საუბარი დიალოგზე არის ძალიან იაფფასიანი ტყუილი, ფარისევლობა, რომლის ერთადერთი ამოცანაა დაბნევა და შეცდომაში შეყვანა ჩვენი დასავლელი პარტნიორების. ამიტომ, დიალოგი ასე არ ხდება. თუ ადამიანს ეძახი ტერორისტს, თუ მას იჭერ და ოფისში უგზავნი ათასობით პოლიციელს, წინასწარ აანონსებ, რომ უნდა დაიჭირო ის ადამიანები, ვისთან დიალოგსაც აპირებ, ასე დიალოგი არ ხდება.

ოპოზიციასაც და ჩვენს მეგობარ ელჩებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ არანაირი აზრი არა აქვს პროცესს პროცესისთვის და დიალოგს დიალოგისთვის. დიალოგს სჭირდება კონკრეტული შინაარსი, შინაარსს ქმნის კონკრეტული ვითარება და პირობები. ამიტომ დღეს პასუხისმგებლობა არის მთლიანად „ქართული ოცნების“ მხარეს. ფარისევლური მოწოდებები დიალოგისკენ არაფერს ცვლის იმ ივთარებაში, როდესაც მოხდა ოპოზიციის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯების გადადგმა, გამოყენება შემზარავი, დავესესხები ამერიკის საელჩოს სიტყვას და გეტყვით, რომ ჩემი 22-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, არასდროს არც ერთ განცხადებაში საქართველოსთან მიმართებით არ მინახია ტერმინი -შემზარავი. ამასაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ბევრ სხვა რამესთან ერთად.

ამიტომ, ვიდრე ეს შემზარავი რიტორიკა და ნაბიჯები არ შეწყდება და არ შეიქმნება დიალოგისთვის მართლა ნორმალური კლიმატი, დიალოგი ვერ შედგება, ეს კარგად ესმით ჩვენს მეგობარ ელჩებსაც, ეს გვესმის ჩვენც. პასუხისმგებლობა მთლიანად არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ან „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ ძალიან სწრაფი ტემპით მიექანება უფსკრულისკენ და მიაქანებს მთელ ქვეყანასაც, ან ისინი დასრულდებიან სწრაფად და ცუდად. ჩვენი ამოცანა ნებისმიერ შემთხვევაში გახლავთ, რომ ამ ერთი გუნდის ამბიციებს, სიბრიყვეს არ გადავაყოლოთ ქვეყანა, არ გადავაყოლოთ ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან და არ შევაქმნევინოთ მათ საფრთხე იმისთვის, რისთვისაც ამდენი წელია, ყველანი ვიბრძვით ამ ქვეყნის ევროპული, დასავლური ნორმალური მომავლისთვის. ეს არის განწყობა მეგობრებშიც, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც. ეს არის ოპოზიციის განწყობაც, ამიტომ, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული დიალოგის და ჩიხიდან გამოსვლის მოძებნისთვის. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს დღეს არის ხელისუფლების ხელში. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. შედგება თუ არა დიალოგი, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაარწმუნებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს მეგობარ ელჩებს, რომ დიალოგს მართლა აზრი აქვს, რომ დიალოგი არის მართლაც კრიზისის განმუხტვისთვის და არა ჩვენი უცხოელი მეგობრების გაბრიყვებისთვის, თითქოს რაღაც ხდება, თავის გაბრიყვებას არავინ არ აპირებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.