დავით ბაქრაძე - ჩვენი სურვილია, შეთანხმება შედგეს, მაგრამ ბურთი ხელისუფლების მხარეს არის
დავით ბაქრაძე - ჩვენი სურვილია, შეთანხმება შედგეს, მაგრამ ბურთი ხელისუფლების მხარეს არის

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ნომინირება მოხდეს ობიექტური, ნეიტრალური და სანდო წყაროდან და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას იღებდეს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, მათი სურვილია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, თუმცა ბაქრაძის თქმით, ბურთი „ქართული ოცნების“ მხარეს არის.

„ცესკო რა თქმა უნდა, არჩევითი ორგანოა, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, ვინ ახდენს ნომინირებას ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის. როდესაც ამის ნომინირებას ახდენს საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენ ვხედავთ, რომ მიიღება არჩევნები ისეთი, როგორიც ჩატარდა თამარ ჟვანის პირობებში, ამიტომ გაყალბებული არჩევნების პირობებში, იმ პირობებში, რაც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტულად ცესკო-ს მხრიდან გადაკეთებული ოქმების სახით, ისეთ პირობებში, როდესაც დღეს ნულოვანი ნდობაა საზოგადოებაში ცესკო-ს თავმჯდომარისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, საჭიროა საგანგებო ზომები, რომელიც საზოგადოებაში ნდობას გააჩენს და რაც მთავარია, შეგვაძლებინებს, ჩავატაროთ ობიექტური და ნორმალური არჩევნები. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ნომინირება მოხდეს ობიექტური, ნეიტრალური და სანდო წყაროდან და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას იღებდეს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც.

დაველოდოთ და შევხედავთ, ვერ გეტყვით, რაზე შეიძლება წავიდეს, ნამდვილად რთულია პროცესია, პოზიციები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ დაველოდოთ და შევხედოთ, მოლაპარაკებები არსებობს, რათა განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს. ჩვენი სურვილია, ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, რადგან კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც დღეს ვმუშაობთ, შექმნილია გაყალბებული არჩევნების შედეგად, ამიტომ ეს ვერ იქნება მხოლოდ პარტიათა შორის შეთანხმება, ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის გაყალბებული არჩევნების შედეგების უარყოფითი ეფექტის აღმოფხვრას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.