დავით ბაქრაძე - ჩვენი პარტია არ შევა პარლამენტში, კანონიც ვიცით, რეგლამენტიც ვიცით და ყველაფერი გაკეთდება პროცედურით
დავით ბაქრაძე - ჩვენი პარტია არ შევა პარლამენტში, კანონიც ვიცით, რეგლამენტიც ვიცით და ყველაფერი გაკეთდება პროცედურით

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განმარტა, რას ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მომზადებული ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

„ამ დოკუმენტში ძირითადი შეფასებები და მოთხოვნები არის შემდეგი, ყველა ხელმომწერი პარტია და არა მხოლოდ ისინი ვინც ბარიერი გადალახა, არამედ მთელი ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება იმაზე, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგად ვერ შეიქმნება ლეგიტიმური პარლამენტი. მეორე, ბარიერგადალახული პარტიები, ვისაც ადგილი ეკუთვნით პარლამენტში, თანხმდებიან, რომ ისინი უარს ამბობენ საკუთარ მანდატებზე და შესაბამისად, უარს ამბობენ არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობაზე. მესამე, ასევე მთელი ოპოზიციის და ყველა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა, ქვეყანაში გაიმართოს ახალი არჩევნები, სადაც დაცული იქნება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

ოპოზიციის ასეთი ერთიანობა საქართველში არასდროს ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე „ქართული ოცნება“ არის სრულიად მარტო, მას უპირისპირდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ნების წინააღმდეგ, გადაკეთებული ოქმებით, ზეწოლით, გაყალბებებით მიაცემინეს ხმა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ ასევე კომენტარი გააკეთა საკითხზე, როგორი იქნება ოფიციალური ნაწილი და ასევე იმის თაობაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომელიმე პარტია შევიდეს პარლამენტში.

„რა თქმა უნდა, პროპორციული სია გაუქმდება. ეს გზა ჩვენც ვიცით ძალიან კარგად. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პარტია არ შევა პარლამენტში, თუ გაინტერესებთ პროცედურა, არის შემდეგი – პარლამენტი ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას, ამის შემდეგ პარტიები ცესკო-ში შეიტანენ განაცხადს სიის გაუქმების შესახებ, რომ ვერც ერთი შემდგომი წევრი არ შედის პარლამენტში და ამის შემდეგ უკვე არჩეული და უფლებამოსილება ცნობილი წევრები დაწერენ განცხადებას, რომ ისინი გამოდიან პარლამენტიდან. ეს არის იურიდიულად გამართული პროცედურა, კანონის და რეგლამენტის მიხედვით. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არ არსებობს და რა თქმა უნდა, კანონიც ვიცით, რეგლამენტიც ვიცით და ყველაფერი გაკეთდება, ისე როგორც არის პოლიტიკური განაცხადი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.