დავით ბაქრაძე - აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ამის კიდევ ერთი დადასტურება
დავით ბაქრაძე - აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ამის კიდევ ერთი დადასტურება

ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან წლების განმავლობაში ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი. აქედან გამომდინარე, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჩამოიტანს, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი მოხმარდება იმას, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის აღმავალი ტრაექტორია გაგრძელდეს.

„აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს ნიშნულზე. ეს ვიზიტი არის სწორედ ამის კიდევ ერთი დადასტურება. ის უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელიც სახელმწიფო მდივანს ექნება საქართველოში, რასაკვირველია იქნება მიძღვნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან წლების განმავლობაში ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი. აქედან გამომდინარე ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჩამოიტანს. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით, იქნება ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური, სავაჭრო დემოკრატიის თუ სხვა მიმართულებით და რასაკვირველია ეს ვიზიტი მოხმარდება იმას, რომ ამ ურთიერთობის აღმავალი ტრაექტორია სწორედ ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.