დავით ბაქრაძე - არ შემიძლია, ადამიანურად ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა არ გამოვხატო სააკაშვილის მიმართ
მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს აქვს ადამიანური და პოლიტიკური მხარე, – აცხადებს თემის კომენტირებისას „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე.
ბაქრაძის თქმით, დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ქვეყანაში პოლარიზაციის და ტემპერატურის ხარისხს.
„რაც უნდა დიდი განსხვავებები ყოფილიყო ბოლო წლებში ჩვენს შორის და ეს განსხვავებები დღესაც არის, ადამიანურად, არ შემიძლია, ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა არ გამოვხატო მის მიმართ, არ დავაფასო მისი გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო ქვეყანაში, თუნდაც დაჭერისა და პატიმრობის ფასად. რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკურად ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ქვეყანაში პოლარიზაციის და ტემპერატურის ხარისხს.
დაკავებული მიხეილ სააკაშვილი გახლავთ საკითხი, რომელზეც კიდევ უფრო მეტი კითხვა დაისმება ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან და კიდევ უფრო მეტი სკეპტიკოსი გაჩნდება. იმსახურებს თუ არ იმსახურებს ეს ქვეყანა ნატო-ში და ევროკავშირში წევრობას – ეს გახლავთ ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ქვეყანას საკუთარი პარტიული ინტერესიდან გამომდინარე. ამ ყველაფერს მხოლოდ ამძიმებს ხელისუფლების პოზიცია, როდესაც პირდაპირ პოლიტიკურად ხდება მის მიმართ მუქარა. ჩვენ მოვისმინეთ მისი დაკავების დროს ბიძინობის მილოცვა, პირდაპირ პრემიერ-მინისტრის სიტყვები მოვისმინეთ, თუ კარგად არ მოიქცევა, მას ახალ მუხლებს წაუყენებენ. ნებისმიერი ნორმალური სასამართლოსთვის, ოდნავ მაინც თავმოყვარე სასამართლოსთვის პრემიერის განცხადება, თუ ის კარგად არ მოიქცევა მას დამატებით მუხლებს წაუყენებენო, ნებისმიერი თავმოყვარე მოსამართლისთვის ეს იქნებოდა მკაფიო სიგნალი, რომ მთელ ამ საკითხს გააჩნია პოლიტიკური ქვეტექსტი და სარჩული“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.