დავით ბაქრაძე - სახელსა და გვარებს არ ვახსენებ, მაგრამ მხოლოდ საარჩევნო კოდექსის გამო პარლამენტში შესვლა მიგვაჩნია „ოცნებისთვის“ გამოსავლის შეთავაზებად, ვიმედოვნებ, არც ერთი პარტია ამას არ იზამს
დავით ბაქრაძე - სახელსა და გვარებს არ ვახსენებ, მაგრამ მხოლოდ საარჩევნო კოდექსის გამო პარლამენტში შესვლა მიგვაჩნია „ოცნებისთვის“ გამოსავლის შეთავაზებად, ვიმედოვნებ, არც ერთი პარტია ამას არ იზამს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავარი მოთხოვნების შესრულების გარეშე, მხოლოდ საარჩევნო ცვლილებებით, მისი პარტია არ განიხილავს პოზიციის შეცვლას და პარლამენტში შესვლას.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, იგივე პოზიცია აქვთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც „ლელოს“ ოფისში დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

„რაც შეეხება შესვლა-არ შესვლას, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება პოლიტპატიმრების გამოშვებას და რიგგარეშე არჩევნებს, ამიტომ ამ მოთხოვნების გარეშე, მხოლოდ საარჩევნო ცვლილებებით, ჩვენ ვერ და არ განვიხილავთ პოზიციის შეცვლას და პარლამენტში შესვლას.

მე ვერ ვისაუბრებ ყველა სხვა პარტიის მაგივრად, ახლა მოვდივარ პარტიების შეკრებიდან, ყველა პარტია, რომელიც იქ იყო, საუბრობს იგივეს. მე შეგნებულად არ მინდა, სახელი და გვარები ვახსენო, არ მინდა, კომენტარით რამე დავაზიანო, ან საბაბი მივცე ვინმეს, რომ კომენტარი და გვარის ხსენება გამოიყენოს რამისთვის, ამიტომ სრულიად შეგნებულად ყველანაირ გვარს ვარიდებ თავს, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ერთს – იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ არ მოდის რიგგარეშე არჩევნებზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, მხოლოდ საარჩევნო კოდექსის გამო პარლამენტში შესვლა ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ მიგვაჩნია „ქართული ოცნებისთვის“ გამოსავლის შეთავაზებად, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციად, ამიტომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ არც ერთი სხვა პარტია ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.