დავით ბაგრატიონის ადვოკატი - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი თუ მართლა ბაგრატიონია, ჩაიტაროს დნმ და წარმოგვიდგინოს დოკუმენტი
დავით ბაგრატიონის ადვოკატი - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი თუ მართლა ბაგრატიონია, ჩაიტაროს დნმ და წარმოგვიდგინოს დოკუმენტი

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი თუ მართლა ბაგრატიონია, ჩაიტაროს დნმ და წარმოგვიდგინოს დოკუმენტი, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამეფო ოჯახთან დაკავშირებული დავის განხილვის შემდეგ განაცხადა.

„მოწინააღმდეგე მხარემ დღეს წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც თითქოს ირკვევა პირთა შორის ნათესაური კავშირი. აქ ჩანს, რომ პეტრე გრუზინსკი როცა დაარეგისტრირეს, როგორც შვილი, მამამისი ამ დროს ოთხი თვის გარდაცვლილი იყო. ჩანაწერით, სადაც არ არის მითითებული არც იურიდიული მისამართი, არც განმცხადებლის ვინაობა, ნათესაური კავშირის დადასტურებას ცდილობენ.

ჩვენი მხარე ამ დოკუმენტის სადავოდ გახდას აპირებს, რადგანაც ჩემთვის ცნობილია, რომ დნმ ანალიზი ჩატარდა და ისინი არ არიან ბაგრატიონები. ამის პასუხი არსებობს და ეს ჩვენამდეა მოსული.

არავითარ ცხედრების ექსჰუმაციაზე არ არის საუბარი. ბაგრატიონთა საგვარეულოდან რამდენიმე შტომ ჩაიტარა დნმ ანალიზი და მათი დნმ ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, თუ მართლა ბაგრატიონია ბატონი ნუგზარი, ჩაიტაროს დნმ და წარმოგვიდგინოს დოკუმენტი.

იმასთან დაკავშირებით კი, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, forum.ge-ზე გამოქვეყნდა დოკუმენტები და სურათები. როგორც ვიცი, საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და არ დადასტურდა, რომ ის ბაგრატიონია“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე იმსჯელეს. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი და სიხარულიძეა.

საკითხთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 11 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.