დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არ არის ბაგრატიონი და ის სიხარულიძეა. როგორც ადვოკატი ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ საპატრიარქომ შესაბამისი დნმ კვლევა ჩაატარა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც სამეფო ოჯახის წევრების დავაზე სასამართლო განხილვა დაიწყო.
„დავის დაწყების მიზანი ის არის, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, რომ ისინი არიან ბაგრატიონები. ისინი სასამართლოს გზით ცდილობენ მიიღონ სახელმწიფოსგან აღიარება. მათი პოზიცია ძალიან სუსტია. ჩვენ განწყობილი ვართ ოპტიმისტურად და ამ პროცესს მოვიგებთ.
ოფიციალური მონაცემები არ მოუციათ, მაგრამ სანდო წყაროთი ვიცით, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს.