დავით არახამია - შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს, ჩვენ ვემზადებით, სამხედროები ემზადებიან
დავით არახამია - შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს, ჩვენ ვემზადებით, სამხედროები ემზადებიან

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ მომავალი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, ხელისუფლება, სამხედროები და საგანგებო სამსახურები ამისთვის ემზადებიან.

„შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს. რუსები ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ ახალ ტერაქტებს ამზადებენ. საგანგებო სამსახურები და ხელისუფლების ორგანოები მუშაობენ სხვადასხვა სცენარზე. ჩატარებულია მრავალი სწავლება, შემუშავებულია ენერგეტიკოსთა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოქმედებები, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვემზადებით. სამხედროები ემზადებიან“, – დაწერა არახამიამ ტელეგრამ-არხში.

დავით არახამიამ თითოეულ უკრაინელს მოუწოდა, იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახებზე. კერძოდ, მოიმარაგონ წყალი, საკვები, დატენონონ ტელეფონები, ასევე გაიგონ, სად არის მათგან ე.წ. უძლეველობის უახლოესი პუნქტი — სპეციალურად მოწყობილი პუნქტი, სადაც მოქალაქეებს გათბობა, ტელეფონის დატენვა და ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ.