დავით არახამია - საწყენია, რომ ყველა ქართველი დღეს იქცა ერთი ოლიგარქის ტყვედ, იმედი მაქვს, ქართველები სწორად შეაფასებენ თავიანთი ხელისუფლების ქმედებებს
საწყენია, რომ ყველა ქართველი დღეს იქცა ერთი ოლიგარქის ტყვედ, იმედი მაქვს, ქართველები სწორად შეაფასებენ თავიანთი ხელისუფლების ქმედებებს, – ასე მიმართა დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ.
არახამიას თქმით, უკრაინა და მათი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო მიუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს.
„საქართველო ნამდვილად იქნება ევროპაში. დიახ, სწორედ ევროპაშია საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ადგილი. სწორედ ევროპისთვის, ევროპაში დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, მათ შორის, ჩემი წინაპრები. უკრაინა და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო მიუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს. ძალიან საწყენია იმის გაცნობიერება, რომ ყველა ქართველი დღეს იქცა ერთი ოლიგარქის ტყვედ. სხვათა შორის, მისი ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს ევროკავშირში, ხოლო ქართველები კარგავენ შანსს და უნდა ელოდონ. იმედი მაქვს, რომ ქართველები სწორად შეაფასებენ თავიანთი ხელისუფლების ქმედებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“, – განაცხადა არახამიამ.