გამოცემა „ბილდის“ ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა მიუნხენის „ბაიერნის“ მცველის დავიდ ალაბას მომავალზე ილაპარაკა.
მისი თქმით, ალაბას არ მიუღია წინადადება „მანჩესტერ სიტისგან“ ან „მანჩესტერ იუნაიტედისგან“. ფეხურთელს, მის აგენტს პინი ზაჰავისა და ორი მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა სავარაუდო ტრანსფერზე.
„ალაბას აგენტი გახსნილია იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებებისთვის. გარდა ამისა, ისინი ელოდებიან მადრიდის „რეალს“, „ბარსელონასა“ და „ჩელსის“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ფალკმა.
28 წლის ავსტრიელს 2021 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი „ბაიერნთან“. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ალაბას შეეძლება მოლაპარაკებების წარმოება სხვა კლუბებთან და წინასწარი კონტრაქტის გაფორმება.
დეკემბრის ბოლოს, „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ და საბჭოს წევრმა ოლივერ კანმა განაცხადეს, რომ მცველმა უარი თქვა გერმანიის ჩემპიონთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე. დიდი ალბათობით, ალაბა სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს „ალიანც არენას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ავსტრიელი „ბაიერნს“ წელიწადში 12 მილიონ ევროს თხოვდა – ზუსტად ამდენს იღებს ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი.