ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრი - ყველას ვურჩევდი, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ტერმინი „მკვლელობა“ არ გამოიყენონ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრი - ყველას ვურჩევდი, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ტერმინი „მკვლელობა“ არ გამოიყენონ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსულ სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ტერმინ „მკვლელობის“ გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. დაურ კოვე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამტკიცებს, რომ ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

დაურ კოვე ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდისთვის არის ჩასული.

საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შეძლებს თუ არა ამის შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებას,​ დაურ კოვე აცხადებს, რომ მტკიცებულებები რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს აქვთ, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ. კოვე ამას იმით ხსნის, რომ შემთხვევა რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოხდა.

„თავად გამოძიებას აწარმოებენ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები, იმის გათვალისწინებით, რომ ეს რუსულ სასაზღვრო პუნქტზე მოხდა. როგორც ვხვდები, დღეს ეს საკითხი იქნება დასმული. ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი ბუნებრივია, ტრაგედიაა. თუმცა ყველას ვურჩევდი, არ გამოიყენონ ტერმინი „მკვლელობა“. ვიცით, რომ საქართველოში ტარდება ტარდება ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც ერთ თვეში იქნება და ყველას მოვუწოდებ, შედეგებს დაველოდოთ. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ეს თვითმკვლელობა იყო“, – განაცხადა დაურ კოვემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, დაურ კოვე შვეიცარიაში მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც გუშინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი​ ლავროვს შეხვდა. კოვეს არ დაუმალავს, რომ ლავროვთან შეხვედრაზე საუბარი ჟენევის ფორმატის მორიგ რაუნდსაც შეეხო. საქართველოს პირველ არხთან საუბრისას კოვემ მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, სერგეი ლავროვს​ ჟენევის ფორმატის შესახებაც ესაუბრა.

„ჩვენ განვიხილავდით თავად ჟენევის დისკუსიების ფორმატს, აღვნიშნეთ, რომ ფორმატი აუცილებელია, რადგან დიალოგის წარმოების საშუალება გვაქვს. მივედით საერთო აზრამდე, რომ ამ​ ფორმატის გაგრძელება აუცილებელია“, – განაცხადა დაურ კოვემ.

დატოვე კომენტარი