დაურ კოვე აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე მოძრაობა უახლოეს ხანში აღდგება
დაურ კოვე აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე მოძრაობა უახლოეს ხანში აღდგება

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდზე შევთანხმდით, რომ ვიფიქრებთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ განაცხადა.

ამასთან, დაურ კოვეს განცხადებით, ენგურის ხიდზე მოძრაობა უახლოეს ხანში აღდგება და ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს არის დროებითი ზომა, რომელიც არსებული აუცილებლობით იყო განპირობებული. უახლოეს ხანში ეს პუნქტი გაიხსნება და ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს“, – განაცხადა დაურ კოვემ.

რაც შეეხება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, დაურ კოვეს განცხადებით, ახლა საუბარია ტექნიკურ შეხვედრაზე. მისივე თქმით, როდესაც საქართველოს მზად ექნება მასალები ოკუპირებული გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე, დაიწყებენ ტექნიკური შეხვედრის ორგანიზებას და გაცვლიან მასალებს.