დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროცესს თავად ბრალდებული არ დასწრებია. ადვოკატის ინფორმაციით, ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პროცესს გადის.
აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა და არგუმენტად ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა. ასევე, პროკურორის თქმითვე, ბრალდებულმა ბინის დატოვებიდან ორი დღის შემდეგაც კი არავის შეატყობინა ბინაში უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი დაურ ბუავას შესახებ.
ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონიაძიების შეფარდებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე რეანიმაცოულ განყოფილებაში რჩება და აღნიშნული გარემოების გათვალისწინებისკენ მოუწოდა სასამართლოს.
ბრალდებული უკრაინის მოქალაქე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. 29 აგვისტოს სამართალდამცველებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც. სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.