დათო ლორთქიფანიძე - კვარა „ატალანტას“ შესთავაზეს, მათ უარი თქვეს #1TVSPORT
დათო ლორთქიფანიძე - კვარა „ატალანტას“ შესთავაზეს, მათ უარი თქვეს #1TVSPORT

დათო ლორთქიფანიძემ SerieD24-თან, საკუთარ იტალიურ კარიერასთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და გაამხილა, რომ მისი კანდიდატურა შესთავაზეს „ატალანტას“, მაგრამ რატომღაც უარი მიიღეს.

დავით ლორთქიფანიძე ამჟამად სერია D-ს „იუნაიტედ რიჩიონეს“ ფეხბურთელია. ის ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „დინამო თბილისის“ აკადემიასა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, იყო „საბურთალოს“ ფეხბურთელი. 2016 წლიდან იტალიაშია. ვარჯიშობდა „ატალანტას“ აკადემიაში, 2021 წელს კი სერია B-ს „პადუაში“ ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმის გამო დაბალ ლიგაში გაანათხოვრეს, რის შემდეგაც „პადუაში“ იურიდიული პრობლემების გამო ვერ დაბრუნდა. მისი ძმა დაჩი (2005 წელსაა დაბადებული) კი „კრემონეზეს“ 19-წლამდელთა გუნდშია.

„კვარაცხელიასთან ერთად ვითამაშე „დინამო თბილისის“ ახალგაზრდულ გუნდებში და ასაკობრივ ნაკრებებში. მაშინვე აშკარად ჩანდა, რომ ძლიერი იყო. 17-წლამდელებში მან იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მატჩი ჩაატარა. აქ პირველი თვეები რთული იყო, სარეგისტრაციო დოკუმენტებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობდა. 2-3 წელი ისე გავატარე, რომ ოფიციალური მატჩი არ მითამაშია. ჯერ მარტო ვიყავი, შემდეგ ძმა და დედა ჩამოვიდნენ, მამა კი წინ და უკან დადიოდა. ეს იყო საერთო არჩევანი, ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ. ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ აქ ბევრი ხალხი გვეხმარებოდა. ისე, ნამდვილად ღირს, რომ ჩემი ძმა დაჩი ნახონ.

კვარა? ის ფეხბურთით ცხოვრობდა. ვიცი, რომ ყაზანის „რუბინში“ თამაშისას ბაზაზე ცხოვრობდა და ყოველდღე ვარჯიშობდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთმა სადებიუტო სეზონმა მაინც გამაოცა. როცა აქ მოვედი, ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორია იტალიაში თამაში. მახსოვს, რომ ჩემმა მაშინდელმა აგენტმა კვარაცხელია სერია A-ს სხვადასხვა კლუბს, მათ შორის „ატალანტას“, ასევე ჩრდილოეთ იტალიის სხვა დიდ გუნდებს შესთავაზა. ყველა პასუხი უარყოფითი იყო, პასპორტის პრობლემა არსებობდა, თექვსმეტი წლის ბიჭზე საქართველოდან კი ფსონის დადება არავის სურდა“, – ამბობს დათო ლორთქიფანიძე.