დათო ლიკლიკაძე - რესტორნებსა და ტურისტულ ადგილებში კი არა, შეიძლება, სახლებში დავბრუნდეთ, სოციალური დისტანცირების ნორმებს თუ არ დავიცავთ
დათო ლიკლიკაძე - რესტორნებსა და ტურისტულ ადგილებში კი არა, შეიძლება, სახლებში დავბრუნდეთ, სოციალური დისტანცირების ნორმებს თუ არ დავიცავთ

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რესტორნებში, კაფეებში და ტურისტულ ადგილებში კი არა, შეიძლება, სახლებში დავბრუნდეთ, თუ სოციალური დისტანცირების ნორმებს არ დავიცავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა და გიდმა დათო ლიკლიკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„კვების ობიექტები, რესტორნები და კაფეები, რომლებიც ახლა გაიხსნა, ნამდვილად იცავენ წესებს, მაგრამ არ ვიცი, ამ წესებს როგორ იცავენ მოქალაქეები. იმიტომ, რომ პირბადე პრაქტიკულად, იუმორის თემა გახდა, ადამიანები ამას უკვე ცინიკურად უყურებენ და მხოლოდ მაღაზიაში იკეთებენ. ისიც იმიტომ, რომ იქ სხვანაირად არ გვიშვებენ და კარგია, რომ არ გვიშვებენ. არის რეგულაცია, რომ რესტორანში ერთ მაგიდასთან ექვს კაცზე მეტი არ უნდა დაჯდეს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და მაგალითად, ამ თვეში სამ-ოთხჯერ შევიკრიბეთ ოჯახებში, სადაც ექვსიც ვიჯექით და და ხანდახან, სამოციც. გააჩნია, ვის რამხელა სახლი აქვს. ასე რომ, ვერ ვიცავთ ისე, როგორც წესია და ღმერთმა ნუ ქნას, ეპიდემია ხელახლა აფეთქდეს“, – განაცხადა ლიკლიკაძემ.

მისი თქმით, ტურისტულ სექტორს პრობლემები ნამდვილად აქვს და ექნება, მაგრამ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები უნდა გადაეწყონ და შიდა ტურიზმზე კონცენტრირდნენ.

„რა ვქნათ ახლა. წუწუნი არ შეიძლება. მე არ ვარ უიმედო კაცი. პესიმისტი ნამდვილად არ ვარ. ცოტა ხნის წინ, რომელ ტურიზმზე იყო ლაპარაკი, როცა სახლში ვისხედით და გარეთ საერთოდ არ გამოვსულვართ; როცა პანდემიამ იფეთქა, თხუთმეტ წუთში დედამიწა გაჩერდა, მაგრამ ჩვენ არა მარტო „კოვიდ-19“-თან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები უნდა გადავეწყოთ. თუ მე ვიყავი გიდი დავუშვათ, ესპანეთში, იტალიაში და ფინეთში, სადაც წელსაც გახლდით, ახლა უკვე კარგი გაგებით იძულებული ვარ, გადავეწყო და ჩვენი ქვეყნის კუთხეები ვნახოთ. ჩვენ ქვეყანაში სანახავი მართლაც ძალიან ბევრია“, – განაცხადა ლიკლიკაძემ.

ჟურნალისტმა მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველო დაათვალიერონ, სადაც სანახავი ნამდვილად ბევრია.

დატოვე კომენტარი