დათო ხვიბლიანი აცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს თავმდამსხმელის თანამზრახველი იყო, ცილისწამებაა
დათო ხვიბლიანი აცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს თავმდამსხმელის თანამზრახველი იყო, ცილისწამებაა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი პირი დათო ხვიბლიანი აცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს ის თავმდამსხმელის თანამზრახველი იყო, ცილისწამებაა.

როგორც დავით ხვიბლიანმა აღნიშნა, ის სენაკის სამხედრო ბაზაზე მსახურობს.

„ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე თქვეს და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახურის შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, თუ საჭირო იქნება, გამოძიება იტყვის ყველაფერს“, – განაცხადა ხვიბლიანმა.

კითხვაზე, პოლიციის შენობიდან წაიყვანა თუ არა სამხედრო პოლიციის მანქანამ, ხვიბლიანი აცხადებს, რომ ასე არ ყოფილა.

„ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. რაც შეგიძლიათ გადაამოწმოს სამხედრო ბაზაზე“, – განაცხადა ხვიბლიანმა.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.