დათო ევგენიძე - ყველა დაპირისპირებულ ჯგუფს უნდა აერთიანებდეს ქვეყნის სიყვარული, საქართველოს მთავარი პრობლემა უნდა ხდებოდეს დომინანტი, როგორც კი ის გაგაერთიანებს, მაშინ დაპირისპირებაც ბლაგვდება, რადგან საერთოს პოულობ შენი ქვეყნის ტკივილში
დათო ევგენიძე - ყველა დაპირისპირებულ ჯგუფს უნდა აერთიანებდეს ქვეყნის სიყვარული, საქართველოს მთავარი პრობლემა უნდა ხდებოდეს დომინანტი, როგორც კი ის გაგაერთიანებს, მაშინ დაპირისპირებაც ბლაგვდება, რადგან საერთოს პოულობ შენი ქვეყნის ტკივილში

ყველა დაპირისპირებულ ჯგუფს უნდა აერთიანებდეს თავისი ქვეყნის სიყვარული, საქართველოს მთავარი პრობლემა უნდა ხდებოდეს დომინანტი. როგორც კი ის გაგაერთიანებს, მაშინ დაპირისპირებაც ბლაგვდება, რადგან საერთოს პოულობ შენი ქვეყნის ტკივილში, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის მთავარმა მუსიკალურმა პროდიუსერმა დათო ევგენიძე განაცხადა.

დათო ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საუბრის დაწყებისას გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა.

დათო ევგენიძის თქმით, ყველა დაპირისპირებულ ჯგუფს უნდა აერთიანებდეს ქვეყნის სიყვარული, დომინანტი ხდებოდეს სრულიად საქართველოს მთავარი პრობლემა და არა თითოეული ჯგუფის ინტერესი.

რაც შეეხება ძალადობას, დათო ევგენიძის განცხადებით, ვინმეს თავისუფლების ხელყოფა მიუღებელია.

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ყველას ტკივილია. როცა რაღაც ავადმყოფობა არსებობს, თუ დიაგნოზი არ დაისვა, ის ავადმყოფობა არ რჩება. ამ 30 წლის განმავლობაში, საქართველომ და ქართველებმა ვერ მოახერხეს, სრულიად საქართველოს ინტერესი გახადონ პირველი და არა პირადი. ის დაჯგუფებები, რომლებიც იყო ამ 30-წლიან ისტორიაში, ყოველთვის უფრო მძლავრობდა, ვიდრე საერთოდ, ქვეყნის ინტერესი. მუდამ იყოფოდა რაღაცა ჯგუფებად საქართველო, თითოეულ ჯგუფს გაჰქონდა თავისი ინტერესი და ის ხდებოდა დომინანტი და არა სრულიად საქართველოს პრობლემატიკა. როდესაც გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, მე რომ ჩავდიოდი ხოლმე სოჭში, „სოჩა“ არ დამიძახია არასდროს, ვიცოდი, რომ ეს იყო საქართველო, მაგრამ არ ვიყავი ქართულ სოჭში ნამყოფი. კი, ვიცოდი, მტკიოდა, მაგრამ ამ გადასახედიდან ასეთი სიმძაფრის განცდა არ მქონდა. რომ დავფიქრებულვარ, როდესაც წავა ჩვენი თაობა, ვინც აფხაზეთშია ნამყოფი, იგივე არ მოხდეს, თუ იქ ოდესმე ჩავლენ, და იმედი მაქვს, რომ ჩავლენ ქართულ ტერიტორიებზე, იმ თაობას ეს სიმძაფრე არ დაეკარგოს-მეთქი.

რაც უნდა დაპირისპირებული იყოს ორი ჯგუფი ერთმანეთთან, თავისუფლების ნიშის ქვეშ, მთავარია, ორივე ხომ საქართველოს მოქალაქეა, ორივესთვის ხომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს, საქართველოს მთავარი პრობლემა უნდა ხდებოდეს დომინანტი და არა იმდროული რაღაც მომენტი. ის უნდა აერთიანდებდეს და როგორც კი ის გაგაერთიანებს, მაშინ ეს დაპირისპირებაც ბლაგვდება, რადგან ბოლოსდაბოლოს საერთოს პოულობ შენი ქვეყნის ტკივილში, საერთო ტკივილში. ეს არის ის რაღაც, რომელიც უნდა აერთიანდებს ყველა დაპირისპირებულ ჯგუფს – თავისი ქვეყნის სიყვარული.

რაც შეეხება ძალადობას, აბსოლუტურად მიუღებელია ვიღაცის თავისუფლების ხელყოფა, მით უმეტეს იმ გზით, რა გზითაც ის მოხდა. ეს წარმოუდგენელია, თან, როდესაც ეს ხდება ეკლესიის ან საქართველოს სახელით. არც საქართველო არ არის ის, რომლის სახელითაც ეს შეიძლება აკეთო, და არც ეკლესია, სადაც ინსტიტუციაა მიტევების. მე არ მინდა, ის მღვდელი, რომელიც უბიძგებდა ამ აგრესიისკენ, ეკლესიასთან გაიგივდეს, რადგან ეს არის პიროვნება ანაფორაში და არ არის ეკლესია“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.

ამასთან, ევგენიძის შეფასებით, ჩანს, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები მართულნი არიან.

„მინდა, ვილაპარაკო მართულ ჯგუფებზე. მე არ ვარ ანალიტიკოსი, არც პოლიტიკოსი, არც უშიშროების წარმომადგენელი, რომ მოვძებნო და ვიცოდე, ვინ მართავს ამ ძალებს და არც შედის ეს ჩემს ფუნქციებში, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ძალები მართულნი არიან, ეს ჩანს. ჩანს იმიტომ, რომ თვითმიზანი არ შეიძლება იყოს, ასე ერთდროულად თავს დაესხა მედიის ამდენ წარმომადგენელს. არ შეიძლება, ეს სპონტანურად მოხდეს, წარმოუდგენელია. ეს იყო რომელიღაც მართული ძალის ქმედება, რომელიც აუცილებლად სახელმწიფოსგან უნდა იყოს გამოძიებული და დასჯილი. ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს. არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი, თუ ვინ განაგებდა ამ ადამიანებს. ეს უნდა გამოიძიოს სახელმწიფომ. სახელმწიფოს ვალია, რომ ჩვენ, საზოგადოებამ ვიცოდეთ, თუ ვინ ჩეხს ორად ქვეყანას, ვინ უპირისპირებს ქართველ მოსახლეობას ერთმანეთს, რაც არის ჩვენი მტრების გასახარებლად. 30 წლის განმავლობაში მე ვისწავლე და დავინახე, რომ ყველაზე პირველი, რაც საქართველოს ხელს უშლის, შიდა დაპირისპირებაა. ეს არის ჩვენი უდიდესი პრობლემა, რომლისგანაც ვერ გავთავისუფლდით“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.

დათო ევგენიძის თქმით, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პოზიციის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდამ ცდილობს, ყველას მოუსმინოს და საუბრის საშუალება მისცეს.

„ისტორიულადაც და ჩვენს ფილმებშიც არის ასახული, ქართველ ადამიანებს აქვთ თვისება, რომ მოდღესასწაულეს გვერდით მყოფი მგლოვიარესთვის გლოვაში გადაუტანია თავისი დღესასწაული და მოდღესასწაულე მგლოვიარე გამხდარა. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც ხდებოდა დღესასწაული და სადაც ხდებოდა გლოვა. ამ შემთხვევაში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც ქვეყანაში შექმნილია ის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში მოვიტანე ორი ემოცია  – გლოვა და დღესასწაული, ყველა იმ ჯგუფმა, რომელიც თავის პირად ინტერესებს იცავს, ძალიან დიდი ანგარიშით უნდა გაითვალისწინოს სხვა ადამიანების პოზიციაც. ქვეყანა სწორედ მაშინ დგება საერთო ინტერესის ქვეშ, როცა ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული ჯგუფის მდგომარეობას.

არ შეიძლება, მხოლოდ ჩვენი ემოციით ვიმოქმედოთ, აუცილებლად უნდა გავიგოთ, თუ რა ამოძრავებს იმ ძალას, მიუხედავად იმისა, გაქვს შენ სიმპატია მათი საწყისი გზავნილის, თუ არა. ყველა ადამიანი იმსახურებს ყურადღებას და ყველა ადამიანი უნდა იყოს ღირსი იმისა, რომ შენ ეცადო, მას გაუგო. საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს, ეს გააკეთოს. მიუხედავად ამდენი პოზიციისა, რომელიც დღეს საქართველოშია, ამდენი პოლარიზებული მდგომარეობისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდამ ცდილობს, მოუსმინოს ყველას და ყველა ასაუბროს“, – აღნიშნა დათო ევგენიძემ.