დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ
დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„მინდა, აღვნიშნო დაჭრილი და დაშავებული სამხედროების შესახებ, მათზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს, თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს სწირავს ჩვენს სამშობლოს, მათზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი ვალდებულება. ამ მიმართულებით გეტყვით, რომ ახალი, განახლებული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, იანვრიდან ჩვენი სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.