დასავლური მედია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჯავად ზარიფი გენერალ ყასემ სოლეიმანის რუსეთთან კავშირზე საუბრობს
დასავლური მედია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჯავად ზარიფი გენერალ ყასემ სოლეიმანის რუსეთთან კავშირზე საუბრობს

გენერალი ყასემ სოლეიმანი საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების საბოტაჟისთვის რუსეთთან მუშაობდა, – ამის შესახებ საუბარია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფის გასულ წელს გაკეთებულ აუდიოჩანაწერში, რომელიც დასავლურმა მედიამ გაასაჯაროვა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ყუდსის ძალების“ მეთაური სირიის ომში ირანის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. გავრცელებულ ჩანაწერში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ საერთაშორისო არენაზე მისი, როგორც ირანის წარმომადგენლის, როლი შევიწროებულია, რადგან გადაწყვეტილებები ნაკარნახევია ირანის სულიერი ლიდერის, ან რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ.

მოჰამად ჯავად ზარიფის განაცხადებით, ყასემ სოლეიმანთან ის ნაყოფიერად მუშაობდა ავღანეთში და ერაყში აშშ-ის შეჭრამდე. ზარიფი ასევე ამბობს, რომ ერაყში სოლეიმანის მკვლელობით, აშშ-მა ირანს უდიდესი დარტყმა მიაყენა, რაც მთელი ქალაქის განადგურებაზე მეტია.

პარალელურად, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესებს ყასემ სოლეიმანიც აზიანებდა. ზარიფს მაგალითად მოჰყავს სოლეიმანის მოქმედება ირანის ბირთვული შეთანხმების გაფორმების დროს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანის დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოსკოვის ინტერესში არ იყო, რის შემდეგაც გენერალი სოლეიმანი რუსეთში სწორედ შეთანხმების გასანადგურებლად წავიდა.

მოჰამად ჯავად ზარიფი აუდიოჩანაწერში ყასემ სოლეიმანს კიდევ ერთი საკითხის გამო აკრიტიკებს, რომ ირანელმა გენერალმა უფლება მისცა რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს სირიაში ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით გაფრენილიყვნენ.

ზარიფი სოლეიმანს ასევე აკრიტიკებს იმის გამო, რომ მთავრობის ინფორმირების გარეშე, სირიაში ჯარისკაცები და სამხედრო აღჭურვილობა სახელმწიფო ავიახაზების თვითმფრინავებით გადაჰქონდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციას „არაეთიკური პოლიტიკა“ უწოდეს და თქვეს, რომ გავრცელებული ჩანაწერის ნაწილი ჯავად ზარიფის განცხადებების სრულ მასშტაბს არ წარმოადგენს.