დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს ევროპულ საბჭოში ფედერიკა მოგერინი უმასპინძლებს
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს ევროპულ საბჭოში ფედერიკა მოგერინი უმასპინძლებს

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან. 18 დეკემბერს პარტნიორებს ევროპული საბჭოს შენობაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი უმასპინძლებს.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ბრიუსელში წელს მესამედ ტარდება.

ბრიუსელში ბალკანეთში მიმდინარე მოვლენებს, 2018 წლის გეგმებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განიხილავენ. ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2018 წელი უნიკალური შესაძლებლობა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, ინტეგრაციის პროცესში წინ წასაწევად.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერნეციაზე, ევროკომისარმა იუჰანეს ჰანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიქსერმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით და დაეხმარება იმ ნაბიჯების გადადგმაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ევროკომისიაში ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებას 2025 წლისთვის ვარაუდობენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებენ და ორგანიზაციაც გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება.

„ევროკომისია ხედავს ახალ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირს დაუახლოვდნენ. რამდენიმე წელი დასჭირდება იმ სკეპტიკური მოსაზრებების გადალახვას, რომლებიც ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ორგანიზაციის გაფართოებას უკავშირდება”,- განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ნოემბერში გამართულ კონფერენციაზე.

ჰანმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ჯერ არ იციან, რომელი კანდიდატი პარტნიორი დაწინაურდება ინტეგრაციის პროცესში.

ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე პარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, მისი მანდატის დროს გაფართოება დაგეგმილი არ არის, ვინაიდან არცერთი ქვეყანა არ არის მზად.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის უფრო სტაბილური სამეზობლოსთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართულებით გაფართოების პერსპექტივის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

გასულ კვირას ევროკავშირმა მოლაპარაკებების ახალი თავის გახსნა სერბეთს და მონტენეგროს მიულოცა და შემდგომი პროგრესი უსურვა.

2018 წლის მაისში ბულგარეთის დედაქალაქში დაგეგმილია კონფერენცია, რომელიც ევროკავშირის ბალკანეთის ქვეყნების თანამშრომლობასა და ორგანიზაციის გაფართოების საკითხებს განიხილავს.