დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ფარგლებში, პრესკონფერენცია გამართა. ტივატი (მონტენეგრო), 2026 წლის 5 ივნისი
ევროკავშირში გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე სახელმწიფოს სურს, მათ შორის კი მონტენეგრო ლიდერობს. ამ პატარა ქვეყანას, სადაც სულ 620 ათასი ადამიანი ცხოვრობს, კარგი შანსი აქვს, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დეკემბრისთვის დაასრულოს. დანარჩენ კანდიდატებს კი მოთმინების გამოჩენა მართებთ.
2013 წლის 1 ივლისის ღამეს ზაგრებში, გრანდიოზული ფეიერვერკების ფონზე, ევროკავშირის დროშა აღმართეს. ხორვატია ბოლო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა – 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, მის რიგებში არც ერთი ახალი წევრი აღარ მიუღიათ.
ევროკავშირში გაწევრიანება: მონტენეგრო – სამაგალითო კანდიდატი
თუმცა, ახლა ვითარება იცვლება: 2026 წლის ივნისში, მონტენეგროს ქალაქ ტივატში გამართულ ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე და სხვა მაღალი დონის შეხვედრებზე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირს, გარე ძალების გავლენების ფონზე, რეგიონის ქვეყნების გაწევრიანების პროცესის დაჩქარების სტრატეგიული ინტერესი აქვს.
დასავლეთ ბალკანეთი დიდი ხანია მოხვდა ისეთი მსხვილი სახელმწიფოების ინტერესის სფეროში, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი. რუსეთი რეგიონში პოლიტიკური არასტაბილურობის შექმნას ცდილობს, ჩინეთი კი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ეკონომიკური მიზნებისთვის იყენებს. ამ მსხვილი მოთამაშეების რეგიონში გავლენის გაძლიერების შესაკავებლად, ევროკომისიამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
ის, რომ გაწევრიანების კანდიდატად მონტენეგრო შეირჩა, გასაკვირი არ არის. ამით ევროკავშირს სურს სხვებს აჩვენოს, რომ რეფორმებისადმი მზაობა ფასდება; გარდა ამისა, ამით ბრიუსელს მხოლოდ ერთი ისეთი ქვეყნის ინტეგრირება მოუწევს, რომელიც ზომით გერმანიის დიდი ქალაქის ტოლია. თანაც, ახალი წევრი ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვან კონკურენციას არ შეუქმნის, თუნდაც, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სექტორში.
გამოწვევები: კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული
ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონის ექსპერტი, პროფესორი ულფ ბრუნბაუერი ამბობს, რომ მონტენეგრომ საშინაო დავალება, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, უკვე შეასრულა. 2007 წელს რუმინეთი და ბულგარეთი, სავარაუდოდ, უფრო ნაკლებად იყვნენ მზად ევროკავშირში შესვლისთვის, ვიდრე დღეს მონტენეგროა. ბრუნბაუერი გაწევრიანებას რეალისტურად აფასებს – გაწევრიანებისთვის საჭირო 33 თავიდან 25 უკვე დახურულია.
მიუხედავად ამისა, ადრიატიკის ზღვის სანაპიროსთან მებარე დასავლეთ ბალკანეთის ეს სახელმწიფო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას.
სწორედ მონტენეგროდან მოქმედებენ საერთაშორისო კავშირების მქონე კოკაინის კონტრაბანდის კლანები, ხოლო პოლიტიკასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის მჭიდრო კავშირი კვლავაც პრობლემად რჩება. ამასთან, ბოლო პერიოდში გახშირდა იმ მაღალი თანამდებობის პირების, მოსამართლეებისა და სახელმწიფო მოხელეების დაკავება, რომლებიც მაფიასთან თანამშრომლობდნენ.
თუმცა, მონტენეგროში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის მებრძოლი დამოუკიდებელი იურისტის, ვესელინ რადულოვიჩის განცხადებით, ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი რაოდენობის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენები და კორუფციული გარიგებებით მიღებული ქონების კონფისკაციის შემთხვევები. მისი აზრით, ის ფაქტი, რომ ქვეყანა ახლა ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზეა, ძირითადად, გეოპოლიტიკური მიზეზებით აიხსნება.
კორუფციასთან ბრძოლას დრო სჭირდება
ხუჭავს თუ არა ევროკავშირი თვალს, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს ეხება საქმე? ბრუნბაუერის თქმით, ყოველ შემთხვევაში, ამ დროს ბრიუსელი თვალს ძალიან სწრაფად ახამხამებს. მისივე შეფასებით, მონტენეგროს მიღებით, ევროკომისია რეგიონს მაინც სწორ სიგნალს უგზავნის. კორუფციასთან ბრძოლას დრო სჭირდება და ის მონტენეგროს მოსახლეობაში ცვლილებებისადმი მზაობას რეალურად ხედავს. ამ ქვეყანაში ევროკავშირისადმი მხარდაჭერა 60 პროცენტს სტაბილურად აღემატება.
ალბანეთი უკან იხევს, სერბეთი ჩამორჩება
ალბანეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირის სამაგალითო მოსწავლე იყო, გასული წლიდან სხვა მიმართულებით წავიდა. დაცულ ტერიტორიაზე სადავო სამშენებლო პროექტის გამო, აქ მთავრობის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩატარდა, რაც ევროკომისიამ გაფართოების შესახებ თავის ბოლო ანგარიშშიც ასახა.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, მონტენეგროს შემთხვევაში, სხვადასხვა პარტიას შორის კონსენსუსი არსებობს. ალბანეთის შემთხვევაში კი ევროკომისია ქვეყანაში მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში უფრო კონსტრუქციული დიალოგისა და კანონშემოქმედებით პროცესში სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობის მოწოდებით გამოდის.
დოკუმენტის თანახმად, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთს ფუნდამენტურ საკითხებში პროგრესისთვის არ მიუღწევიათ, რის გამოც ამჟამად გაწევრიანების სამოქმედო გეგმები არ არსებობს. თუმცა, სერბეთში ვითარება ცვალებადია, რადგან მრავალწლიანი ლიდერის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადაყენებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ევროკავშირის მიმართ ქვეყნის პოზიცია ხელახლა უნდა განისაზღვროს.
გაწევრიანების ტემპი
ევროკომისიამ, შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას მონტენეგროსთან უკვე მომავალ წელს მოაწეროს ხელი. თუმცა, პროცესის დასასრულებლად, ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ხელმოწერაა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება გზა მონტენეგროსთვის, რომ ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყანა გახდეს. ამ რთულ პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.