დასანანი მარცხი - ბათუმის „დინამომ“ „სივასპორთან“ შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო [ვიდეო] #1TVSPORT
დასანანი მარცხი - ბათუმის „დინამომ“ „სივასპორთან“ შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო [ვიდეო] #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თურქულ „სივასპორს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე დასანანი მარცხი განიცადა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ბურთის გაკონტროლება მოახერხა და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სტუმრები დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ. პირველი რეალური სახიფათო მომენტი 33-ე წუთზე ირაკლი აზაროვის საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. 34-ე წუთზე კუთხურის მოწოდების შემდეგ ოლეკსანდრე აზაცკიმ თავით დაარტყა და ბურთი „სივასპორის“ კარს სანტიმეტრებში აცდა.

მეორე ტაიმში პირველი რეალური საგოლე მომენტი ოლარევანჯუ კაიოდემ შექმნა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულ „სივასპორის“ თავდამსხმელს ირაკლი აზაროვი გადაეღობა და გუნდი გადაარჩინა.

54-ე წუთზე კი ბათუმელებმა ანგარიში გახსნეს. კორაი ალტინაიმ საჯარიმოსთან ჯოვინო ფლამარიონი მოცელა და სტუმართა კარის მიმართულებით საჯარიმო დაინიშნა. სტანდარტი ლადო მამუჩაშვილმა შეასრულა და უძლიერესი დარტყმით „სივასპირის“ კარი აიღო და სტადიონზე მისული უამრავი გულშემატკივარი გაახარა 1:0.

თურქული კლუბი ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, მოედანზე კი ვითარება დაიძაბა. 68-ე წუთზე სტუმართა მეკარე ალი შაშალი ვურალის და ჯოვინო ფლამარიოონის შეჯახებამ გუნდებს შორის მცირე კონფლიქტი გამოიწვია და და „სივასპორის“ მოთამაშეებს მთავარმა არბიტრმა დასაშოშმინებლად 2 ყვითელი ბარათი აჩვენა.

სამწუხაროდ, ბათუმელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს -75-ე წუთზე, ლეკე ჯეიმსმა ახლოდან ზუსტი თავური დარტყმით გაათანაბრა – 1:1. მატჩის მიწურულს კი „სივასპორმა“ მეორეც გაიტანა – ოლარევანჯუ კაიოდეს ლაზარე კუპატაძემ ახლოდან დარტყმული აუღო, მაგრამ დამატებაზე სტუმართა თავდამსხმელმა მაინც გაიტანა, სტუმრებს გამარჯვება მოუტანა და ბათუმელებმა დასანანი მარცხი განიცადეს – 1:2.

ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“განმეორებითი მატჩი 12 აგვისტოს „სივას არენაზე“ გაიმართება, ამ წყვილში გამარჯვებულს კი პლეი ოფში მეტოქედ პლოვდიდისლოკომოტივსა“ და დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ შორის მოგებული შეხვდება.


დინამო (ბათუმი, საქართველო)-სივასსფორი (სივასი, თურქეთი) 1:2


გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75. ფაჯრის პასით), 1:2 კაიოდე (90+5)

დინამო (4-2-3-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – ტეიდი, ალთუნაშვილი (90+2. ნიქაბაძე) – მამუჩაშვილი (80. შინდაგორიძე), მანჯგალაძე (46. ფანცულაია), ჯიღაური (90+2. ნავალოვსკი) – ფლამარიონი (79. გაგოშიძე).

სივასპორი (4-2-3-1): ვურალი – ალთინაი (76. ერდალი), ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფთჩი – აზუბუიკე, არსლანი, ფაჯრი (90+7. იგითერი) – ილმაზი (76. ფელიქსი), იატაბარი (58. ჯეიმსი), კაიოდე.

გაფრთხილება: აზუბუიკე (17), ალთინაი (52), ვურალი (69), არსლანი (69), გაფრინდაშვილი (88), ფაჯრი (89)

არბიტრი: ი. პელიტო (ბოსნია)