დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ხვალ ნათია თურნავას მოუსმენენ
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ხვალ ნათია თურნავას მოუსმენენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ხვალ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მოუსმენენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ნათია თურნავას მიმართ დასასმელი ძალიან ბევრი კითხვა გამოიკვეთა, რაც სამომავლოდ კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრის საჭიროებას ქმნის.

საქმიანს ვამბობ იმ გაგებით, რომ არ ვიცი, რამდენად დარჩება კომიტეტზე დრო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების მოსასმენად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრაზე შევთანხმდით – მაღაროელების საკითხი, პანკისი თავისთავად დღის წესრიგში იყო, ფოთის პორტი. ეს საკითხები იმდენ დროს წაიღებს, მით უმეტეს, ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის გათვალისწინებით, რომლებიც ძირითადად, კამერაზე მუშაობენ და არა სიმართლის გაგებაზე, რომ ვფიქრობ, თურნავასთან კიდევ ერთხელ იქნება საჭირო შეხვედრა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატის განმარტებით, რადგან მსგავსი შეხვედრები ორი საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეფექტიანი არ არის, ხვალინდელ კომიტეტზე უმჯობესია ძირითადი საკითხების განხილვა.

თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. სხდომის დღის წესრიგში შეტანილია თურნავას მოხსენება საკითხებზე: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა; ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა; 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები; „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.