დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძეს მოუსმენენ
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს მოუსმენენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, დავით საგანელიძესთან შეკითხვები აქვს როგორც საპარტნიორო ფონდის საქმიანობასთან, ასევე იმ მსხვილ საწარმოებთან დაკავშირებით, რომელსაც აღნიშნული ფონდი მართავს.

როგორც ნინო წილოსანმა მედიასთან განაცხადა, იწყება თემატური მოკვლევა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის შესახებ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი პოლიტიკა, თუ რა სახის საწარმოებს იტოვებს მართვაში და როგორ მართავს მათ.

„მოვუსმენთ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს. ძალიან საინტერესოა ანგარიში, რომელსაც ის წარადგენს. რა თქმა უნდა, გვექნება კითხვები როგორც მის მიერ წარდგენილ ანგარიშთან, ასევე იმ მსხვილ საწარმოებთან დაკავშირებით, რომელსაც საპარტნიორო ფონდი მართავს. მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან ვიწყებთ თემატურ მოკვლევას სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი, რათა გავაანალიზოთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა, მათი მართვის სტანდარტები და საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს საერთო პოლიტიკა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით. რადგან ჩემი თემა არის სახელმწიფო საწარმოების თემატური მოკვლევა, რა თქმა უნდა, მექნება კითხვა ამ აღნიშნულ საწარმოებთან დაკავშირებით, რადგან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი და კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რა სახის სახელმწიფო საწარმოებს ვიტოვებთ მართვაში და რაც მთავარია, როგორ ვმართავთ მათ გამჭვირვალედ, ეფექტიანად და კონკურენტულ გარემოში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.