დაპირისპირება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ მას სურვილი ჰქონდა აქციაზე სიტყვით გამოსულიყო. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას ამის საშუალება არ მისცეს და სუსი-ს აგენტი უწოდეს.

სიტყვიერი დაპირისპირების დროს, მისივე თქმით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ წყალი შეასხა.

„მოვედი მშვიდობიანად, მინდოდა აზრის დაფიქსირება, წყალი შემასხეს და სუს-ის აგენტი მეძახეს. სუს-ი როგორ იშიფრება არ ვიცი. არც ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ ვარ. მე ვარ დაღლილი, მოტყუებული და შეშინებული ახალგაზრდების ორგანიზაციის წარმომადგენელი. ყველას უნდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს, მაგრამ არ მოდიან, რადგან ვიღაცებს აქვთ პოლიტიკური ნიშნები”, – აღნიშნა აქციის მონაწილემ.

ადგილზე სიტუაცია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმუხტეს. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.