დანიური მედია - საბა ლობჟანიძის სანაკრებო შანსები გაიზარდა
დანიური მედია - საბა ლობჟანიძის სანაკრებო შანსები გაიზარდა

დანიურმა გამოცემა „ტიპსბლადეტმა” საქართველოსა და დანიის ნაკრებების მომავალ დაპირისპირებას, ასევე დანიის სუპერლიგაში მოთამაშე ქართველების ამბებს სტატია მიუძღვნა.

როგორც ცნობილია, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში „რანდერსის“ თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე გამოიძახა, ხოლო „ესბიერგის“ ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი მხოლოდ გაფართოებულ სიაში მოხვდა.

„ლაშა პარუნაშვილს კიდევ დიდხანს ემახსოვრება დანიასთან მატჩი. „ესბიერგის“ ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. თუმცა, მას არ მიეცემა შესაძლებლობა, ეს ბრძოლა გააგრძელოს. ის ამჯერად გუნდის მიღმა დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, რომლის გუნდიც სექტემბერში ორ შეხვედრას ჩაატარებს. გასულ ორ სეზონში, პარუნაშვილი „ესბიერგის“გამორჩეული მოთამაშე იყო და გაზაფხულზე კლუბი ბრინჯაოს მედლებისთვის რომ იბრძოდა, საკვანძო როლი ითამაშა. თუმცა, ახალ სეზონში ფორმის აღდგენა გაუჭირდა და ბოლო ტურში სკამზე იჯდა. თავის მხრივ, სუპერლიგაში გამოსვლით, საბა ლობჟანიძე ფორმაში შედის. მან ივნისში „ტელია პარკენზე“ გამართულ მატჩში გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დანიამ 5:1 მოიგო, საბამ ნაკრებში პოზიცია გაიმყარა“ – წერს გამოცემა „ტიპსბლადეტი“.

საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს კორეას ამხანაგურ შეხვედრაში სტამბოლის „ბაშაქშეჰირის“ სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ შეხვედრაში 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“ დანიას უმასპინძლებს.