დანიური მედია- დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან
დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან სირიისა და ერიტრეას შემდეგ.
შესაბამის მონაცემებს დანიური მედია ქვეყნის მიგრაციულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა Politiken.dk წერს, 2018 წლის ცხრა თვის განმავლობაში დანიაში თავშესაფარი 303-მა ქართველმა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ექვსი წლის განმავლობაში დანიაში თავშესაფარს ყოველწლიურად საშუალოდ, 75 ქართველი ითხოვდა. მედიასაშუალება პოლიციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ხუთჯერ გაზრდილია ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა, ძირითადად ეს მაღაზიებში ქურდობას ეხება.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების მხრიდან დანაშაულის დონის საკმაოდ მკვეთრ ზრდას. ეს არის ის საკითხი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ზოგი მათგანი მუშაობს ორგანიზებულ ჯგუფებად“, -განაცხადა დანიის საგამოძიებო ცენტრის ინსპექტორის მოადგილემ ლარს მორტენსენმა.