დანიის ნაკრების მწვრთნელი - მომდევნო კვირები ძნელი იქნება, მაგრამ გვინდა ერიქსენმა იცოდეს, რომ მის გვერდით ვართ #1TVSPORT
დანიის ნაკრები ევრო 2020-ის მეორე ტურში ბელგიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა და დაძაბულ მატჩში 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა გააკეთა, რომელმაც ერიქსენისა და მატჩის შესახებ ილაპარაკა.
„ეს ფაქტი ბევრს მეტყველებს ფეხბურთზე, რამდენად დიდია ის. ფეხბურთში არის ადგილი ასეთი მომენტებისთვის. ნება დაგვრთეს ევროპის ჩემპიონატზე შეგვეჩერებინა მატჩი და ამით მხარდაჭერა გამოგვეხატა ჩვენი თანაგუნდელისათვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამის შესაძლებლობა მოგვცა. ეს განსაკუთრებული წუთი ბევრს ნიშნავს ყველასთვის და გვახსენებს, რა შეუძლია ფეხბურთს.“
მე-10 წუთზე მომხდარ ფაქტზე ისაუბრა მარტინ ბრაიტვაიტმა. შეგახსენებთ, რომ მატჩი ამ დროს სიმბოლურად, ერიქსენის გასამხნევებლად მცირე ხნით შეჩერდა.
„გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ერთადერთი, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ, ანგარიშია. ამ მატჩისგან ბევრს არაფერს ველოდი. ვერ აღვწერ, როგორ მეამაყება ეს გუნდი, ის, რაც მათ გვაჩვენეს, მაღალი ხარისხი. ოთხი დღე გავიდა, რაც კინაღამ საუკეთესო მეგობარი დაკარგეს. ამის შემდეგ ფეხზე წამოდგნენ და ასეთი თამაში ჩაატარეს, რაც გასაოცარია. უგებდნენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს. ამისთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის. ამან გადაგვატანინა ეს რთული პერიოდი. ყველა ჩვენს გვერდით იდექით და ეს იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ფიქრებით და გულით კრისტიანთან ვართ. ძნელი იქნება მომდევნო კვირები, მაგრამ გვინდა იცოდეს, რომ მის გვერდით ვართ. ახლა ძალები უნდა მოვიკრიბოთ და რუსები დავამარცხოთ. ეს ტურნირი ჯერ არ დაგვისრულებია.“
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს დანიის ნაკრები 21 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.