დანიის ნაკრები - ევრო 1992-ის გამარჯვებული, რომელიც ჩემპიონატზე შემთხვევით მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

1992 წელს იუგოსლავიაში ომი მიმდინარეობდა. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ კონფლიქტის გამწვავებიდან რამდენიმე კვირაში დანიაში დიდი ზეიმი დაიწყო, რისი საფუძველიც სწორედ ეს სამხედრო დაპირისპირება გახდა.

ევრო 92-ის შესარჩევში დანიელებმა თავიანთ ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, პირველზე კი იუგოსლავიის ნაკრები გავიდა, რომელიც თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენების გამო იუგოსლავიის ნაკრებს ჯერ კიდევ შესარჩევის დროს ტოვებდნენ ხორვატი და მაკედონიელი ფეხბურთელები, შემდეგ კი უკვე ნახსენები სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. გაერო რეჟიმს სანქციებით დაუპირისპირდა. უეფა-მ კი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე იუგოსლავია ტურნირიდან მოხსნა და მათი ადგილი დანიამ დაიკავა.

არსებობს მითი, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელები ჩემპიონატზე პლაჟებიდან წავიდნენ, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. დანიის ჩემპიონატი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ნაკრებმა დსთ-სთან ამხანაგური მატჩიც გამართა.   თუმცა იყო სხვა პრობლემები – გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს რბილად რომ ვთქვათ არ მოსწონდათ მთავარი მწვრთნელი. რიჰარდ მიულერ-ნილსენმა მათავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი ზეპ პიონტეკი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 12 წელი იკავებდა. ფედერაციის გეგმები სხვანაირი იყო, ისინი პიონტეკის შემცვლელად კვლავ უცხოელ მწვრთნელს ეძებდნენ, თუმცა მოლაპარაკება ვერავისთან მოახერხეს და სწორედ ამიტომ შეჩერდნენ მიულერ-ნილსენზე, რომელიც მანამდე ზეპის ასისტენტი იყო. რიჰარდს გახსნილი და შემოქმედებითი ფეხბურთი არ უყვარდა, რის გამოც პროტესტის ნიშნად გუნდი ლიდერებმა დატოვეს. მათ შორის იყვნენ ძმები ლაუდრუპებიც. საბოლოოდ, ნილსენ-მიულერმა უმცროს ლაუდრუპთან ურთიერთობები დაალაგა, რაც შეეხება „ბარსელონას“ ვარსკვლავ მიქაელ ლაუდრუპს, ის გუნდთან ერთად შვედეთში მაინც არ წავიდა.

ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, დანიელები ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერები, გულშემატკივრები კი შერცხვენის მოლოდინში იყვნენ. რვაგუნდიან ფინალურ ტურნირზე გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ, დანიელები მასპინძელ შვედეთთან, ინგლისთან და საფრანგეთთან მოხვდნენ. იბეჭდებოდა სტატიები სათაურით – „რა ანგარიშებით დამარცხდება დანია“.

ამ ფონზე გაიმართა პირველი მატჩი ინგლისთან და პირველი სენსაციაც გამოცხვა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მეორე ტურში მათი მეტოქე შვედეთი იყო. სკანდინავიური დერბი მასპინძლებმა 1-0 მოიგეს და დანიელთა პლეი ოფში გასვლის შანსები კიდევ უფრო მინიმალური გახდა. ამ თეორიას ამყარებდა ისიც, რომ ბოლო ტურში მეტოქე კანტონას და პაპენის საფრანგეთი იყო. აქ კი რიჰარდ მიულერ-ნილსენმა სტრატეგია შეცვალა. დაცვითი სტილის მქადაგებელი მკაცრი მწვრთნელი გარდაიქმნა. კაცმა, რომელიც საკუთარ გუნდს მუდმივ დატვირთვასა და წნეხში ამყოფებდა, შვედეთთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელები დაასვენა, მსუბუქად ავარჯიშა და უთხრა, რომ ფრანგებთან მოგება შესაძლებელი იყო თუ გახსნილ, შემტევ და ლაღ ფეხბურთს ითამაშებდნენ. დაუჯერებელმა გეგმამ გაამართლა. მერვე წუთზე ლარსენმა სკანდინავიელები დააწინაურა, 61-ზე პაპენმა გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი ბრაინ ლაუდრუპის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა ლარს ელსტრუპმა დააფიქსირა და დანიაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათ კონტინეტის მოქმედი ჩემპიონი ნიდერლანდების ნაკრები ელოდათ.

ბრძოლა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 2-2 დასრულდა. დანიელთაგან დუბლი ლარსენმა შეასრულა ნიდერლანდელთაგან კი თავი ბერკამპმა და რაიკარდმა გამოიჩნეს. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლებშიც სკანდინავიელები უშეცდომოები იყვნენ, მეტოქემ კი ერთადერთი დარტყმა გააცუდა. პეტერ შმეიხელმა ევრო 88-ის მთავრ გმირს, მარკო ვან ბასტენს აუღო და ზღაპარი გაგრძლედა – დანია ფინალში გავიდა.

26 ივნისს გეტებორგში დანიელთა მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული გუნდით პირველად​ ასპარეზობდა და რა თქმა უნდა, ფავორიტადაც მიიჩნეოდა. აუტსაიდერის სტატუსს სკანდინავიელები არც აქ შეეგუვნენ. იენსენმა მე-18 წუთზე ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა, 78-ზე კი საბოლოო შედეგი ვილფორტმა დაფიქსირა. დანიამ 2-0 გაიმარჯვა, ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

 

აუცილებლად აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ფინალისა და მთლიანად ჩემპიონატის ბოლო გოლის ავტორის ტრაგედია მთელ ტურნირს ფონად მიჰყვებოდა. კიმ ვილფორდის რვა წლის ქალიშვილი თანდაყოლილი უკურნებელი სენით იყო დაავადებული და ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის წინ კომაში ჩავარდა. ვილფორდი სამშობლოში გაემგზავრა და გუნდს მხოლოდ ნახევარფინალში შეუერთდა, რაც მას შემდეგ მოხდა, როცა მეტყველების უნარდაბრუნებულმა გოგნამ მამას ეს პირადად სთხოვა. საბოლოოდ, დანიელთა რვიანმა ჩემპიონობაში უდიდესი როლი შეასრულა, თუმცა ფინალიდან ორ კვირაში მისი ქალიშვილი გარდაიცვალა. შესაძლოა, იმ ერთი თხოვნით, რომლის გამოც ვილფორდი შვედეთში დაბრუნდა, დანიის ჩემპიონობაში იმაზე დიდი წვლილი შეიტანა, ვიდრე რამდენიმე ფეხბურთელმა.

ტურნირის დასრულების შემდეგ დაიბადა ფრაზა, რომელიც შესაძლოა, ხშირად გვსმენია. ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტრიუმფატორს ჟურნალისტმა ჰკითხა „როგორ მოახერხეთ გამარჯვება, როცა წესიერად არც გივარჯიშიათ?“, პოულსენმა კი უპასუხა – „ივარჯიშონ მათ, ვინც თამაში არ იცის, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა“.