დანიაში სპეცსამსახურებიდან ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე საგარეო დაზვერვის განყოფილების უფროსი დააკავეს
დანიაში სპეცსამსახურებიდან ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე საგარეო დაზვერვის განყოფილების უფროსი დააკავეს

დანიის საგარეო დაზვერვის განყოფილების უფროსი ლარს ფინდსენი სპეცსამსახურებიდან „ინფორმაციის გაჟონვის“ საქმეზეა დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დანიის სპეცსამსახურების ოთხი ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი ჯერ კიდევ დეკემბერში დააკავეს, ხოლო ფინდსენი ერთადერთია მათ შორის, რომელიც 4 თებერვლამდე წინასწარ პატიმრობაში რჩება. ლარს ფინდსენის დაკავების შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გავრცელდა, როდესაც სასამართლომ მისი სახელის გასაჯაროების აკრძალვა გააუქმა.

„მე მინდა, რომ ბრალი წამიყენონ. მე არ ვაღიარებ თავს დამნაშავედ. ეს სრული სიგიჟეა“, – განუცხადა ფინდსენმა მედიას.

სპეცსამსახურების დაკავებული მაღალჩინოსნის საქმის დეტალები გასაიდუმლოებულია. როგორც დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა „როიტერს“ განუცხადა, საქმე ეხება მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროების გზით სახელმწიფო ღალატის მუხლს. სამსახურის ცნობით, ინფორმაციის გასაჯაროებამ დანიას, ან ევროკავშირისა და ნატო-ს რომელიმე ქვეყანას შესაძლოა, სერიოზული ან უკიდურესად სერიოზული ზიანი მიაყენოს.

დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საუბარია ინფორმაციის მედიისთვის მიწოდებაზე.

დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.