დანიაში საქართველოს ელჩი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დადებითად შეაფასეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე
დანიაში საქართველოს ელჩი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დადებითად შეაფასეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისში დადებითად შეაფასეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, – ამის შესახებ დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, გიგი გიგიაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება იყო.

ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქართველო ყოველთვის იყო და რჩება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძალიან სანდო პარტნიორი.

„დღეს დილით გაიმართა შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისში, კერძოდ, კოპენჰაგენში, სადაც მიწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საკითხი ეხებოდა კორონავირუსის ეპიდემიას როგორც მსოფლიოში, ასევე, კერძოდ ევროპაში. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საშუალება მომეცა გავსაუბრებოდი რეგიონული ოფისის დირექტორს და ამავე ორგანიზაციის გადამდები დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელს. ორივემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალიან წარმატებული ნაბიჯები კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციასთან დაკავშირებით. აქ რასაკვირველია, იგულისხმება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე და ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ძალიან სანდო პარტნიორი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, როგორც იცით, მრავალი წელია, უკვე ეთანამშრომლება წარმატებულად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ამის შესახებაც განსაკუთრებით აღინიშნა ჩვენ შეხვედრაზე საუბრის დროს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ბატონი ამირანის წვლილი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“,- განაცხადა დანიაში საქართველოს ელჩმა.