დანიაში საპენსიო ასაკი 2040 წელს 70 წლამდე გაიზრდება. საპენსიო ზრდის შესაბამისი გეგმა ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გეგმის თანახმად, 1970 წლის 31 დეკემბრის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს სახელმწიფო პენსიის მისაღებად ამ თარიღამდე დაბადებულებთან შედარებით ერთი წლით მეტი მოუწევთ მუშაობა.
დანიაში სახელმწიფო საპენსიო ასაკი ამჟამად 67 წელია, თუმცა მისი თანდათანობით გაზრდის გეგმები არსებობს. 2030 წელს ის 68 წლამდე გაიზრდება, ხოლო 2035 წელს – 69 წლამდე.
თანდათანობითი ზრდა 2006 წელს მიღებული სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ხანგრძლივი შეთანხმების შედეგია, რომელიც საპენსიო ასაკს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან აკავშირებდა. შეთანხმებაში ნათქვამი იყო, რომ საპენსიო ასაკი ყოველ ხუთ წელიწადში ერთი წლით უნდა გაზრდილიყო.
პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გასულ წელს განაცხადა, რომ მის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სურს ავტომატური მექანიზმის ხელახლა განხილვა, რომელიც პარლამენტის დამტკიცებაზეა დამოკიდებული.