დანია მსოფლიოს ჩემპიონია
დანია მსოფლიოს ჩემპიონია

ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ფინალში „ჰერნინგის იუსკე ბანკ ბოქსენ არენაზე“, მასპინძელი დანია ნორვეგიას შეხვდა და დიდი ანგარიშით 31:22 მოუგო. მიქელ ჰანსენმა 7 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ნიკლას ლანდინ იაკობსენმა 12 ბურთი მოიგერია. ნორვეგიამ ზედიზედ მეორე ფინალი ითამაშა და ისევ წააგო.

დანიის ნაკრები ბოლო ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის მედლის მფლობელები არიან, ჩემპიონები კი პირველად გახდნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ჰანსენი დასახელდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში გერმანია და წინა ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთი შეხვდნენ. ფინალური შეხვედრისგან განსხვავებით, თამაში გაცილებით დამაინტრიგებელი სცენარით მიმდინარეობდა და დრამატული ეპილოგით დასრულდა. პირველი ტაიმი გერმანელებმა 4 ბურთის სხვაობით მოიგეს – 13:9. მეორე ნახევრის ფაქტობრივად პირველ ხუთ წუთში ფრანგებმა 6:1 გაქცევა შეძლეს და 15:14 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ გერმანია წინ აღარ გასულა, მაგრამ მეტოქეს არც ორ ბურთზე მეტით ჩამორჩენია. ძირითადი დროის ბოლო წუთზე, მაშინ როდესაც ანგარიში თანაბარი გახლდათ – 25:25, ფრანგებმა ვერ გაიტანეს, ვერც გერმანიამ შეძლო შედეგიანი შეტევა და ბოლო წამზე ნიკოლა კარაბატიჩმა საფრანგეთს მოაგებინა.

მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი 2021 წელს, ეგვიპტეში გაიმართება.