დამშვიდობება ეპოქასთან - რონალდომ ევროპის ჩემპიონატი რეკორდებით დატოვა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოსგან გასაკვირი არაფერი იქნება, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი აქვს. სავარაუდოდ, „ევრო 2020“ პორტუგალიელი მეგავარსკვლავისთვის ბოლო ვეროპის ჩემპიონატი იქნება.
რონალდო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, რომელმაც შესარჩევი და ფინალური ეტაპის მატჩების ჩათვლით, 45 გოლი გაიტანა.
ევრო 2020-ზე ხუთი გოლის გატანით, პორტუგალიელი თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაშიც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე 14 გოლია, რითაც მიშელ პლატინის ბევრად გადაასწრო (9 გოლი)
ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირები
14 გოლი – კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
9 – მიშელ პლატინი (საფრანგეთი)
7 – ალან შირერი (ინგლისი)
7 – ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
რონალდო პირველი მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ხუთ ჩემპიონატზე ითამაშა – 2004, 2008, 2012, 2016 და 2020 წლებში.
დღეისათვის, 36 წლის რონალდომ გადააჭარბა ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე 58 მატჩი ჩაატარა.
59 მატჩი – კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
58 – ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ევროპელი მამაკაცი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნულ გუნდში 109 გოლი გაიტანა და არის ევროპის საუკეთესო ბომბარდირი. ახლა მან გაიმეორა მამაკაცებში მსოფლიო რეკორდი (109), რომელიც ირანელმა ალი დაიმ დაამყარა.
პორტუგალიელმა გაიტანა ყველაზე მეტი ბურთი მსოფლიო ჩემპიონატების ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე – 31 გოლი.