დამსახურებული აღიარება - ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი პაატა ღუდუშაურია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებით, მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი პაატა ღუდუშაური გახდა – ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
მესამე წრეში ბათუმის „დინამომ“ ერთადერთი შეხვედრა „თელავთან“ სტუმრად წააგო (1:2) და ამ მატჩშიც 26 წლის თავდამსხმელმა გოლი გაიტანა. ღუდუშაურმა საგოლე მოქმედებით თავი მხოლოდ „სამტრედიასთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში ვერ გამოიჩინა, „შუქურასთან“ (5:0) კი დაასვენეს.
ღუდუშაურმა მესამე წრეში 8 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარშზე ხუთი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია – საშუალოდ თამაშში 0,625 გოლი გაჰქონდა, 0,75 ასისტსა და 1,375 საგოლე მოქმედებას ასრულებდა.
სულ მიმდინარე სეზონში პაატა ღუდუშაურმა 25 თამაში ჩაატარა (7 შეცვლაზე), 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბომბარდირებში მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, ხოლო ასისტენტებში – პირველზეა.