დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო მწვრთნელი თემურ მახარაძე გარდაიცვალა #1TVSPORT
ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელი, დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი თემურ მახარაძე დღეს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თემურ მახარაძე ბოლოს 2022 წლის მაისში საგარეჯოს „გარეჯს“ ავარჯიშებდა, უკანასკნელი წელიწადნახევარი კი მძიმე სენს ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დაამარცხა.
მწვრთნელობა 80-იან წლებში დაიწყო და დამოუკიდებლობის პერიოდის ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი იყო. იყო თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობის დამრიგებელი, რომლის შემდეგაც თბილისის „მერანი 91“ ჩაიბარა და ევროთასებზე გაიყვანა.
ასევე წარმატებით წვრთნიდა თბილისის „ლოკომოტივს“, ბოლნისის „სიონს“, „ზესტაფონს“, რუსთავის „ოლიმპს“, გორის „დილას“. უმუშავია „სასკოში“, ლანჩხუთის „გურიაში“, „საპოვნელაში“, „რუსთავში“.
2007 წელს მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონმა“ საქართველოს თასი მოიპოვა, ხოლო 2009/10 წლების სეზონში რუსთავის „ოლიმპი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.