დამოუკიდებელი ექსპერტიზა - ჯორჯ ფლოიდი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა
აშშ-ში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის გაკვეთის შედეგად, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 46 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი კისრისა და ზურგის არეში ხანგრძლივი დაწოლა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.
როგორც ფლოიდის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, მათი დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ პოლიციელის მხრიდან კისრის არეში დაწოლის გამო, დაზარალებულის ტვინს სისხლი აღარ მიეწოდებოდა, ხოლო ზურგის არეში დაწოლამ სუნთქვას შეუქმნა პრობლემები.
ამრიგად, ოჯახის დაკვეთით ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგები ოფიციალურად ჩატარებული გაკვეთის შედეგებისგან განსხვავებული აღმოჩნდა. ოფიციალურმა ექსპერტიზამ, რომლის დასკვნაც ფლოიდის საქმეს თან ახლავს, „ტრავმატული ასფიქსია ან გაგუდვა“ გამორიცხა.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ფერადკანიან მამაკაცს რვა წუთის განმავლობაში კისრის არეში მუხლით აწვება. ვიდეოში ფლოიდი სამართალდამცველს ეუბნება, რომ ის ვეღარ სუნთქავს, თუმცა პოლიციელი დაწოლას აგრძელებს.
ფლოიდის სიკვდილს აშშ-ში რასიზმისა და პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც ძალადობაში გადაიზარდა.