დალია გრიბაუსკაიტე - ბოლო ათწლეულის ყველა მასშტაბურ კრიზისში გაერო-ს უშიშროების საბჭო უძლური აღმოჩნდა
ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო ინსტიტუტების სისუსტეზე ისაუბრა. გენერალური ასამბლეის წევრებისადმი მიმართვისას გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბაჭომ ვერ შეძლო არსებითი როლის შესრულება ბოლო ათწლეულის გლობალურ კრიზისებში.
„მსოფლიო ნოემბერში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ამ ომის დასასრულმა გამოიწვია იმპერიების დაცემა და გაუღო ფანჯარა ევროპაში პატარა ერებს, მათ შორის ლიეტუვას, მიაღწიონ თავიანთ ოცნებას, იცხოვრონ დამოუკიდებლად და თავისუფლად, ისიამოვნონ თავიანთი კულტურითა და ტრადიციებით. ასეთი ომის გამეორების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომლებმაც უნდა უზურნველყონ პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
თუმცა, როდესაც მსოფლიო ახალი დიდი კრიზისი წინაშე დადგა, ამ ინსტიტუტებმა ვერ იმოქმედეს და იმის უძლურ მაყურებლებად აღმოჩნდნენ, თუ როგორ ეშვება კაცობრიობა ახალ მსოფლიო ომში. დღეს გვსურს, ვიფიქროთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ინსტიტუტები, მათ შორის გაერო საკმარისად ძლიერია, რომ წინ აღუდგეს აგრესიას და საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფას. თუმცა ზოგჯერ რეალობა სხვაგვარია. ვხედავთ მსოფლიოს, რომელიც უფრო მეტად გატეხილია, და ინსტიტუტებს, რომლებიც ინგრევა იმის ნაცვლად, რომ დაგვიცვან ჩვენ ძალის გამოყენებისა და ეკონომიკური შტორმებისაგან. ბოლო ათწლეულის ყველა მასშტაბურ კრიზისში, სირიიდან უკრაინამდე, მიანმარიდან იემენამდე, გაერო-ს უშიშროების საბჭო აღმოჩნდა უძლური, რომ შეესრულებინა არსებითი როლი, რადგან სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ნაციონალურ ინტერესებსა და ვეტოს ობსტრუქციულ გამოყენებაზე მაღლა დადგომა“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შექმნილია მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების წინააღმდეგ აკრძალვისთვის, უძლურები არიან იმ დიქტატორების წინაშე, რომლებიც ქიმიურ იარაღს ფლობენ და მას მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ.
ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტების სისუსტეზე პასუხისმგებლობა თითოეულ სახელმწიფოს ეკისრება.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ინსტიტუტები არ არის სრულყოფილი. თუმცა სწორედ ჩვენ, წევრმა ქვეყნებმა შევქმენით ისინი. ასე რომ ჩვენზეა დამოკიდებული მათი გამოსწორება და ახალ რეალობასთან ადაპტირება“, -აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, წევრ სახელმწიფოებს გვაქვს ძალაუფლება და რესურსები, რომ გაერო-ს მივცეთ შესაძლებლობა, დაიცვას თავისუფლება, თანასწორობა და კაცობრიობა. რადგან ჩვენ ვართ გაერო, ასე რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე, მივცეთ გაეროს უფლებამოსილება, იმოქმედოს“, – აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.